22.05.2015

პოლ პოტი - კამბოჯელი ჯალათოკრატი


თუ მეოცე საუკუნეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიან საუკუნედ მივიჩნევთ,ალბად ობიექტურები ვიქნებით,რადგან სწორედ ამ ასმა წელმა იმხვერპლა ათეულობით(იქნებ ასეულზე მეტიც) მილიონი ადამიანი,სწორედ წინა საუკუნეში მძვინვარებდა პირველი და მეორე მსოფლიო ომი,ქრისტესშობიდან მეოცე ასწლეულში გამოჩნდა სისხლიმსმელი დიქტატორების მთელი ”პლეადა” და საკუთარ ავადმყოფურ მსოფლმხედველობის განხორციელებას დაუგეს ფეხქვეშ ადამიანის ხელშეუხებელი უფლება- სიცოცხლის უფლება.სწორედ მეოცე საუკუნის შვილი იყო სალოტ სარი(წლები გავა და ეს ადამიანი კამბოჯას პოლ პოტად მოევლინება).


სალოტ სარი(პოლ პოტი)

სალოტ სარი დაიბადა 1925 წლის 19 მაისს გლეხის ოჯახში,კამბოჯის პროვინცია კამპონგტოჰმში.მან დაწყებითი განათლება ბუდისტურ მონასტერში მიიღო,სწავლის დასრულების შემდეგ ორი წელი სასულიერო საქმიანობას ეწეოდა.კამბოჯა ამ დროს საფრანგეთის კოლონია იყო და ბერად შემდგარმა სალოტ სარმა ეს პერიოდი კოლონიზატორებთან წინააღმდეგ ბრძოლას შეალია.თუმცა ამ ბრძოლას შედეგი არ ჰქონდა,ამიტომ 24 წლის სალოტი სულ სხვა გზით წავიდა.

1949 წელს სალოტ სარი რამდენიმე მეგობართან ერთად პარიზის გზას დაადგა,ჩააბარა სორბონაში და რადიოელექტრონიკის შესწავლას მიჰყო ხელი.პარიზთან შეგუება მას საკმაოდ უჭირდა,გადიოდა დღეები და ახალგაზრდებს კამბოჯის ნოსტალგია ეძალებოდათ,ენატრებოდათ კამბოჯული ჰავა,გარემო,ადგილობრივი კულინარიის შედევრები და ა.შ. მათ გონებას ავსებდა ფიქრები,რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი კამბოჯის კოლონისტებისგან გათავისუფლებას ეკავა.
მეოცე საუკუნის შუა წლების პარიზი მემარცხენეთა ქალაქი იყო,სტუდენტები განსაკუთრებით აქტიურობდნენ და ივსებოდა მემარცხენეთა არმია.მემარცხენეთა დიდი ნაწილი სოციალიზმის ლიანდაგზე იყო.სწორედ ამ ლიანდაგზე შედგა სალოტ სარისა და მისი კამბოჯელი ამხანაგების ლოკომოტივიც.ისინი გულდასმით კითხულობდნენ მარქსისა და ენგელსის ნაშრომებს,ახდენდენ მაოსა და ტროცკის ციტირებას,ადიდებდნენ ლენინისა და სტალინის იდეებს.

ასე შეიქმნა კამბოჯელთა სოციალისტური ფრთა შორეულ პარიზში,რომელთა რიგებში იყვნენ: სალოტ სარი,ქჰიეი სამპჰანი,იენგ სარი,ჰუ ნიმი და სონ სენი.სულ მალე მათი იდეური ჰარმონია ნათესაობრივმა კვანძმა შეკრა,ქჰიეი სამპჰანის დები სალოტ სარისა და იენგ სარის ცოლები გახდნენ.მომავალი კამბოჯის იდეური და ”ჯალათოკრატული” ლიდერები პარიზში,ჰენრიხ მეოთხის გამზირზე ხშირად იკრიბებოდნენ და საკუთარ იდეებს ხვეწდნენ,საბოლოოდ კი შეიმუშავებენ გეგმას,რომლის განხორციელება თვით უტოპიური სოციალიზმის მამამთავრებსაც კი არ მოუვიდოდათ აზრად.
აი სალოტ სარის ერთ-ერთი იდეა.მოვახდენ ციტირებას: ”ქალაქები-ეშმაკის შემოქმედება,სადაც თავმოყრილია ფული და სავაჭრო კვანძები,რომლებიც ადამიანების დეგრადირებას ახდენენ.ამის გამო,ჩვენ უნდა გავანადგუროთ ქალაქები.მიწათმოქმედება,ბრინჯის მოყვანა ადამიანებს ნამდვილ ღირებულებებს აზიარებს.”




1952 წელს კამბოჯურ სტუდენტურ ჟურნალ ”Khmer Nisut"_ში იბეჭდება ქჰმერ დაომის სტატია ”მონარქია თუ დემოკრატია?”  ქჰმერ(ქჰმერები-ეთნიკური ჯგუფი,კამბოჯის ძირითადი მოსახლეობა,მათი რიცხი დღეისათვის 16 მილიონს აღწევს) დაომი კი სალოტ სარის პირველ ფსევდონიმი იყო და ეს სტატიაც რათქმაუნდა მის ნააზრევს წარმოადგენდა.ამავე წელს სალოტ სარი და მისი თანამებრძოლები საფრანგეთის კომუნისტური პარტიაში ეწერებიან.
1952 წლის ბოლოს სალოტ სარი კამბოჯაში ბრუნდება.1953 წელს კი სრულდება კამბოჯელთა ოცნება და ქვეყანა დამოუკიდებელი ხდება და სახელმწიფოს მეთაური ხდება პრინცი ნოროდომ სიანუკი.

პრინცი სიანუკი

მიუხედავად დამოუკიდებლობისა სალოტ სარი უკმაყოფილო იყო სიანუკის მმართველობით და დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებაში მოსვლისათვის.ის დაუკავშირდა კამბოჯაში მოქმედ ინდოჩინეთის კომუნისტური პარტიის(იკპ) ხელმძღვანელობას და პარტიაში შესვლა მოითხოვა.თავდაპირველად უარი მიიღო,მაგრამ შემდეგ საფრანგეთის კომუნისტური პარტიის მოწმობა წარადგინა,რამაც შედეგი მალევე გამოიღო და სალოტ სარის თანამებრძოლებთან ერთად იკპ_ს წევრი ხდება.
სალოტ სარი მიამაგრეს იკპ_ს პნომპენის(კამბოჯას დედაქალაქი) საქალაქო კომიტეტს,რომელსაც ხელმძღვანელობდა ტუ სამუტი.რიგითი წევრის სტატუსით უკმაყოფილო სალოტ სარმა ”ჩართო” პარიზში შემუშავებული იდეების გენერატორი და დემაგოგია-პროპაგანდის საშუალებით ტუ სამუტის სკამი ამოიღო მიზანში.1962 წელს პოლ პოტის(ამ მომენტიდან სალოტ სარს ამ ცნობილი ფსევდონიმით მოვიხსენიებ.მიუხედავად იმისა,რომ სახელ-გვარის ეს ტრანსფორმაცია მხოლოდ 1979 წელს ხდება) ბრძანებით სიცოცხლეს გამოსალმეს ტუ სამუტი,ხოლო მისი ადგილი შემკვეთს ერგო.


ტუ სამუტი

მიუხედავად ამ სვლისა პოლ პოტს მაინც გაუჭირდა პარტიის საკუთარ რელსებზე გადმოყვანა,ამიტომ შამათს მიჰყო ხელი და საკუთარი თანაგუნდელების ნაწილს სკამისთვის მებრძოლი მოღალატეები უწოდა,შემდეგ შემოიკრიბა რამდენიმე ადამიანი(მათ შორის პარიზული ვოიაჟის თანამონაწილე იენგ სარი) და იატაქვეშეთში გადაინაცვლა.ეს იატაქვეშეთი აღმოჩნდა პნომპენის გარშემო მდებარე ჯუნგლები.პოლ პოტის მიზანი იყო თანაპარტიელების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა,მაგრამ მისი იმედები არ გამართლდა,აჯანყება არ შედგა.პოლ პოტი მიხვდა,რომ იდეების გენერატორს ”დაზეთვა” სჭირდებოდა და რამდენიმე წლით გაერიდა კამბოჯას,გადავიდა ჩინეთში და გაეცნო ჩინურ ”სასწაულს”-”კულტურულ რევოლუციას”(ტერმინი ”კულტურული რევოლუცია” გულისხმობს 1965-1976 წლებში ჩინეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს,რომლებმაც ცხოვრების ყველა სფეროზე იქონია გავლენა.ყოველივე ამას ხელმძღვანელობდა მაო ძედუნი.მიუხედავად მტკიცებისა,რომ ეს მოვლენები პოზიტიური იყო,ვერავინ გაექცევა ამ მოვლენების ბნელ მხარეს-ათეულობით მილიონი დაზარალებული,მილიონობით რეპრესირებული,რამდენიმე მილიონი გარდაცვლილი) და ყოველივე ამით აღფრთოვანება ვერ დამალა.ის ამბობდა:”აი,როგორ უნდა ვიმოქმედოთ,თუმცა ჩინელებს მაინც არ ეყოთ ძალა იმისა,რომ გაენადგურებინათ მთავარი ბოროტება-ქალაქები.” აქ ჩანს,რომ პოლ პოტის მთავარი სამიზნედ ისევ ქალაქები რჩებოდა... ამ ფაქტიდან რამდენიმე წელში,პოლ პოტი მრავალსისხლნახულ მსოფლიოს შოკში ჩააგდებს,როცა რეკორდულად მცირე დროში დაამყარებს უტოპიურ რეჟიმს და შეუტევს კამბოჯურ ქალაქებს.

პოლ პოტის ჩინური ცხოვრება 1969 წლამდე გაგრძელდა,თუმცა ამ პერიოდის მანძილზე ის კამბოჯაში მიმდინარე პროცესების საქმის კურსში იყო და თანამებრძოლებთან კონტაქტს არ კარგავდა.პოლ პოტი ელოდა მომენტს,როცა სადავეებს ხელში აიღებდა.”ყვავილობის ჟამი” 1969 წელს დადგა,1969-1973 წლებში აშშ_ს ავიაციამ,ოპერაცია ”მენიუს” ფარგლებში კამბოჯის საჰაერო საზღვარი დაახლოებით 3600ჯერ გადაკვეთა და 110 ათასი ტონა ბომბი ჩამაგდო.
ალბათ ლოგიკურია თუ დავსვამთ კითხვას-რა შუაშია აშშ?

საქმე იმაშია,რომ კამბოჯის მსგავსად მეზობელი ვიეტნამიც საფრანგეთის კოლონიას წარმოადგენდა.ვიეტნამელები ფრანგ კოლონისტებს წინააღმდეგობას უწევდნენ და საბოლოოდ საწადელს მიაღწიეს.1954 წელს საფრანგეთმა ვეიტნამური კოლონიზაცია დაასრულა,სწორედ ამ დროს გაფორმდა ჟენევის შეთანხმება,რომლის მიხედვითაც ვიეტნამი გაიყო ორ ნაწილად:სამხრეთ და ჩრდილოეთ ვიეტნამად.მიუხედავად იმისა,რომ საფრანგეთმა ვიეტნამის დამოუკიდებლობა აღიარა სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილს შორის ”გამოიყო” სადემილიტარიზაციო ზონა,ჩრდილოეთ ვიეტნამი იქცა დამოუკიდებელ ნაწილად,ხოლო სამხრეთ ვიეტნამს პროფრანგი მარიონეტი ბაო დაი ხელმძღვანელობდა.ეს გაყოფა დროებითი მოვლენა იყო და 1956 წლის არჩევნების შემდეგ ვიეტნამი გაერთიანდებოდა.
აზიის ამ ნაწილში კომუნისტური ჩინეთის როლი დღითი დღე იზრდებოდა,რაც კომუნიზმის არეალის გაფართოებას ნიშნავდა.სწორედ ამიტომ აშშ ცდილობდა შორეულ აზიაში ფეხის მოკიდებას,ოკეანისგაღმელები მიიჩნევდნენ,რომ ფრანგთა წარუმატებლობის შემდეგ მათ უნდა აეღოთ მართვის სადავეები ხელთ და თავისი გავლენის ქვეშ მოექციათ ვიეტნამი.
ამავე პერიოდში ვიეტნამი დაპირისპირებებმა მოიცა,რაც საბოლოოდ სამოქალაქო ომში გადაიზარდა.ერთმანეთს დაუპირისპირდა ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილები.ყოვილივე ამან საერთაშორისო გამოძახილი ჰპოვა და მეოცე საუკუნის 60_იან წლებში სამოქალაქო ომში გარეშე პირებიც ჩაერთვნენ.
ჩრდილოეთ ვიეტნამს,სადაც კომუნიზმს დიდი გასაქანი ჰქონდა,გვერდში ამოუდგა ჩინეთი,სსრკ,ჩრდილოეთ კორეა და სხვა კომუნისტური ქვეყნები,ხოლო სამხრეთ ვიეტნამის მოკავშირეობა აშშ_მა,სამხრეთ კორეამ,ავსტრალიამ,ტაილანდმა,ფილიპინებმა და ახალმა ზელანდიამ იტვირთეს.
1965 წლიდან ომში დაზარალებულთა რაოდენობამ გაზრდა დაიწყო,სწორედ ამ დროს აშშ_ს არმია პირდაპირი მნიშვნელობით ჩაერთო სამხედრო მოქმედებებში და საჰაერო და სახმელეთო გზით შეუტია ჩრდილოეთს.ჩინეთი და სსრკ კი სხვა გზით ცდილობდნენ ჩრდ. ვიეტნამის ”წითელ” მხარდაჭერას.

60-70_იანი წლების აშშ_ს მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ამ ომში საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცების ჩართვას პროტესტით შეხვდა.განსაკუთრებით აქტიურობდნენ სტუდენტები და აქციები არაერთ უნივერსიტეტში გაიმართა.აღსანიშნავია 1970 წელს კენტის უნივერსიტეტის სტუდენტთა აქცია,მიტინგი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა,თუმცა მალევე დაირღვა იდილია,გამოჩნდნენ ოჰაიოს შტატის ნაციონალური გვარდიის ნაწილები და მიტინგის მონაწილეების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს,შედეგად 4 სტუდენტი დაიღუპა და 9 დაიჭრა.ეს უდიდესი ტრაგედია იყო.

ამ ფოტოზე ასახულია მოკლული სტუდენტი ჯეფი მილერი.ფოტო ეკუთვნის ჯონ ფილოს,რომელსაც შემდეგ პულიცერის პრემია გადაეცა.

ლეგენდარულმა მუსიკოსმა ნილ იანგმა მოხდარ ტრაგედიას სიმღერა მიუძღვნა,სახელად ”Ohio"


პროტესტი ხელოვნების მრავალმა სფერომ მოიცვა.მე მხოლოდ ერთ მუსიკალურ კომპოზიციაზე შევჩერდები,რომელიც Buffalo Springfield_ს ეკუთვნის და იგრძნობა საპროტესტო მუხტი.



დავუბრუნდეთ ისევ კამბოჯის მეზობელ ვიეტნამში მიმდინარე ომის პერიპეტიებს და ვნახოთ რა კავშირშია ეს ბატალიები პოლ პოტის სამშობლოსთან.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კამბოჯა ნეიტრალური ქვეყნა ხდება,რომლის სათავეშიც პრინცი სიანუკი იყო.სიანუკი საკმაოდ არასტაბილური პიროვნება იყო და ხშირად იცვლიდა შეხედულებებს,მისი ქმედებები ათასგვარ ზიგზაგს ქმნიდა და სიტუაციაში გარკვევა საბოლოოდ რთული ხდებოდა.ფრანგული კლანჭებიდან გათავისუფლების შემდგომ სიანუკი კომუნიზმის მხარეს იხრებოდა,თუმცა ეს შეხედულება მალე შეიცვალა და ეიფელის კოშკს ქვეშ დაიწყო მოკავშირეების ძებნა.სიანუკი მალევე იცვლის აზრს,ეიფელიდან კრემლისკენ მიმავალ ”ხეივანს” მიუყვება და საბჭოთა ხელისუფლებასთან იწყებს კავშირის გაბმას.
1965 წელს იდება ხელშეკრულება ნეიტრალურ კამბოჯასა და ჩრდილოეთ ვიეტნამს შორის,რომლის თანახმადაც ჩრდილოეთ ვიეტნამს უფლება ეძლეოდა კამბოჯის ტერიტორიის პლაცდარმად გამოყენებისა.მოცემული ფაქტი კამბოჯას ნეიტრალურ სტატუსს აუქმებდა და პრაქტიკულად ვიეტნამის ომის მონაწილედ აქცევდა.ეს იყო სიანუკის უდიდესი შეცდომა,რამაც სათავე დაუდო მოვლენებს,სახელად ”კამბოჯური კამპანია”.

1970 წელს კი პოლ პოტი სამშობლოში მოქმედებებს იწყებს.ჩინეთში გადახვეწიდან 5 წლის თავზე კამბოჯაში მის მომხრეთა რიცხვი ტყეში წვიმის შემდგომ სოკოთა მომრავლებას ჰგავდა.მათი რიცხი დღითიდღე იზრდებოდა და სიანუკს ძილს უფრთხობდა.პოლ პოტის მომხრეები ”წითელ ქჰმერებად” იწოდებოდნენ და მათი რიცხვი 30 ათასს აღწევდა.ძილდამფრთხალი პრინცი უკვე აგონიაშია და მორიგ ზიგზაგს ”ხაზავს”,როცა აშშ_ს მთავრობასთან კავშირზე გადის და თანხმდება ჯერ კიდევ ნეიტრალური კამბოჯის ტერიტორიაზე განთავსებული ჩრდ.ვიეტნამელთა ბაზების დაბომბვას.
1970 წლის მარტში სიანუკი პარიზში იმყოფებოდა და სწორედ ამ დროს კამბოჯაში ხელისუფლება იცვლება,სათავეში მოდის პროამერიკელი ლონ ნოლი,რომელმაც პირველი რაც გააკეთა იყო ის,რომ ვიეტნამელებს მოსთხოვა ქვეყნის სასწრაფო დატოვება.თუმცა ეს მოთხოვნა ”კედელზე ცერცვის შეყრა” აღმოჩნდა და ჩრდილოეთ ვიეტნამის საჯარისო შენაერთებმა ლონ ნოლის ხელისუფლებას ჩამოგდებით დაემუქრა.სიანუკი აშშ_სგან სულ სხვა რამეს ელოდა და არა ხელისუფლების სათავეში ლონ ნოლის მოსვლას,რომელმაც კამბოჯის ხელმძღვანელი პრინცი სკამის გარეშე დატოვა.სწორედ ამის გამო მოხაზა სიანუკმა ახალი ზიგზაგი და კამბოჯის კომუნისტურ პარტიასთან გააბა კავშირი.”წითელ ქჰმერთა” გამარჯვების შემთხვევაში სიანუკი ხელმძღვანელი პოსტის დაბრუნებას გეგმავდა,მაგრამ მის იმედებს ილუზიად ქცევა ემუქრებოდა.

ლონ ნოლი

აშშ_ში გაიმართა დისკუსიები არსებობდა თუ არა კამბოჯის ტერიტორიაზე სამხედრო ჩარევის აუცილებლობა.პასუხი დადებითი აღმოჩნდა და რიჩარდ ნიქსონის ბრძანებით დაიწყო ”კამბოჯური კამპანია”.აშშ_სა და სამხრეთ ვიეტნამის საჯარისო შენაერთები კვეთენ კამბოჯის საზღვრებს,მიზანი კი ჩრდილო ვიეტნამელთა ბაზების განადგურება იყო.ოპერაცია რამდენიმე თვე გაგრძელდა.მიზანი მიღწეული აღმოჩნდა და ლონ ნოლს ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგძლივეს.

ვიეტნამის ომი გრძელდებოდა,თუმცა ყველაფერი ადრე თუ გვან სრულდება და ასეც მოხდა.ვიეტნამის ომის დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდა 1973 წლის 27 იანვარს პარიზში გაფორმებული დიპლომატიური სამშვიდობო შეთანხმება,რომლის ძალითაც აშშ ვალდებული ხდებოდა სამხრეთ ვიეტნამიდან საჯარისო შენაერთები გამოეყვანა.1973 წლის 29 მარტსათვის ვიეტნამი აშშ_ს ჯარებისგან თავისუფალი აღმოჩნდა.მიუხედავად შეთანხმებისა საომარი მოქმედებები ვიეტნამში მაინც განახლდა,აშშ_ს დახმარების გარეშე დარჩენილი სამხრეთი უძალიანდებოდა კომუნისტურ ჩრდილოეთ ვიეტნამის შემოტევებს,თუმცა ბრძოლისუნარიანობა-ჟინი მალევე დაეცა და 1975 წლის 30 აპრილს 11:30 წუთზე სამხრეთ ვიეტნამის თავზეც წითელი დროშა აფრაილდა.ეს იყო ხანგძლივი და ტრაგიკული მოვლენების(რომლებსაც ემსხვერპლა დაახლოებით 1.5 მლნ ადამიანი) დასასრული.

დავუბრუნდეთ მთავარ თემას და ვნახოთ,თუ რა ხდებოდა ამ დროისათვის კამბოჯაში.
1975 წლის აპრილში ”წითელი ქჰმერების” 30 ათასიანი არმია წარმატებით ახორციელებს კამბოჯის ”მოქცევას”.”წითელი ქჰმერების” მთავარ დამრტყმელ ძალას ფართო შარვლებში,ავტომობილის საბურავის ტყავისგან დამზადებულ სანდლებსა და შავ კიტელებში გამოწყობილი,ჩინური წარმოების AKM_ით შეიარაღებული  12-15 წლის მოზარდები წარმოადგენდნენ,რომლებიც დღეში თითო ჯამი ბრინჯითა და ჯუნგლებში შეპყრობილი მაიმუნების ხორცით იკვებებოდნენ.ბავშვების ასეთი ექსპლოატაცია ცივილიზებულ სამყაროში თმების ყალყზე დგომას იწვევს,ხოლო შორეულ კამბოჯაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

ასე გამოიყურებოდნენ ”წითელ ქჰმერთა” ჯარისკაცი ბავშვები




1975 წლის 17 აპრილს ამ არმიამ იერიში მიიტანა პნომპენზე და სამთავრობო სასახლეზე წითელი დროშა აფრიალდა,დროშა დემოკრატიული კამპუჩიისა(სწორედ ეს სახელი ეწოდა კამბოჯას ”წითელი ქჰმერების” გამარჯვების შემდეგ)რესპუბლიკისა.კომუნიზმის წითელი არეალს ახალი ქვეყანა შეემატა,რაც ძალიან ახარებდა სსრკ_სა და ჩინეთს.ასე მოვიდა კამბოჯის სათავეში პოლ პოტის თანამებრძოლები და დაიწყეს პარიზში შემუშავებული იდეების განხორციელება.

დემოკრატიული კამპუჩიის დროშა

პნომპენის დაცემა,Roland Neveu_ს ფოტო

დემოკრატიულ კამპუჩიად წოდებული კამბოჯის ცა შავი ღრუბლებით დაიფარა,ხოლო მიწა სისხლით.პნომპენის დაცემის შემდეგ ”წითელმა ქჰმერებმა” საკუთარი სისხლიანი მანქანის ამოქმედება დაიწყეს,კომუნიზმის პოლ პოტისეული სახე მალევე გამოჩნდა.
პირველ რიგში მათ შეტევა ქალაქებზე მიიტანეს და იწყეს მათი ეტაპობრივი განადგურება.პირველ რიგში ააფეთქეს დედაქალაქში მდებარე ეროვნული ბანკის სათაო ოფისი,ბანკის მიმდებარე ტერიტორია ბანკნოტებით დაიფარა,თუმცა მათი შეგროვება არავის უცდია,რადგან ფულად სისტემას ”წითელი ქჰმერები” რადიკალუად მიუდგნენ და გააუქმეს.
მძიმე დღეში აღმოჩნდნენ ლონ ნოლის მომხრეები,მათზე მთელი სისასტიკით გადატყდა რეპრესიული ”ჯოხი”,დააპატიმრეს რამდენიმე ათასი ადამიანი და პნომპენის სტადიონზე სახალხოდ დახვრიტეს.თვით ლონ ნოლი ჯუნგლებს შეაფარა თავი.
ამის შემდეგ უკვე დაიწყეს ქალაქების გაუქმება,მოსახლეობას ავტომატიანი ჯარისკაცები სოფლებისკენ მიერეკებოდნენ.ამან გამოიწვია ქალაქ-მოჩვენებების მომრავლება,ქალაქების სადაც მომაკვდინებელი სიჩუმე და შიში სუფევდა,ქალაქების რომლებიც სავსე იყო გავმებითა და კაციჭამია ძაღლებით.

ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.რაც შეეხება დემოკრატიული კამპუჩიის სამთავრობო გადანაწილებას და აი სწორედ ამ დროს იქცა სიანუკის იმედები ილუზიად.პნომპენში შესვლის შემდეგ სიანუკი რამდენიმე მომხრესთან ერთად კამპუჩიაში დაბრუნდა იმ იმედით,რომ ტახტზე გააგრძელებდა მოღვაწეობას,მაგრამ პოლ პოტმა სიანუკს შინაპატიმრობა მიუსაჯა.ასეთი შედეგი მოუტანა სიანუკს მორიგმა ზიგზაგმა,თუმცა ეს უფრო ღვთის საჩუქრად უნდა ჩაითვალოს ვიდრე იმედგაცრუებად.
კონკურენტების ჩამოცილების შემდეგ პოსტები შემდეგნაირად გადანაწილდა-ქვეყნის პრეზიდენტად დაინიშნა ქჰიეუ სამპჰანი,პრემიერ მინისტრის პოსტი ჩაიბარა პოლ პოტმა.პოლ პოტი მთავარი იდეოლოგიც გახლდათ.მოსახლეობისათვის ქვეყნის მმართველთა შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ყველაფერი  გასაიდუმლოებული იყო.ეს გადანაწილება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა,რეალური გადანაწილება კი სულ სხვაგვარი იყო.გამოიყენებოდა ტერმინი ”ბომ”,რომელიც ითარგმნება როგორც ძმა(ამხანაგი).სწორედ ეს ტერმინი გულისხმობდა ძალაუფლებას,რომელიც შემდეგნაირად ნაწილდებოდა:

პოლ პოტი - ძმა ნომერი 1;
ნუონ ჩეა - ძმა ნომერი 2;
იენგ სარი _ ძმა ნომერი 3;
ტა მოკი - ძმა ნომერი 4;
ქჰიეუ სამპჰანი - ძმა ნომერი 5.


დემოკრატიული კამბოჯის მთავრობის გადაწყვეტილებით აბსურდულ-უტოპიური რეჟიმის ქვეყანამ ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა გაწვიტა მსოფლიოსთან.ურთიერთობა მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოსთან შენარჩუნდა.ეს ქვეყნებია:ალბანეთი,ჩინეთი,ჩრდილოეთ კორეა,რუმინეთი,ყოფილი იუგოსლავია,ვიეტნამი(1977 წლამდე),ლაოსი,ეგვიპტე,კუბა.
გარდა ამისა აიკრძალა ქვეყნიდან გასვლა და საზღვრები მკაცრ კონტროლს დაექვემდებარა.
ახალგამომცხვარ კომუნისტური კამპუჩიით მალევე დაინტერესდა კომუნიზმის ცენტრი სსრკ და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს(სუკ,КГБ) დაევალა ინფორმაციის მოგროვება.რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,იმ დროისათვის ძლევამოსილ საბჭოთა სტრუქტურას გაუჭირდა პოლ პოტის ტირანიის სივრცეში შეღწევა და დეტალური დასკვნის მომზადება.
კრემლი სხვა გზიდან შეეცადა კამბოჯაში ”შეღწევას” და მალე პოლ პოტი სსრკ_ში მიიწვიეს.ოფიციალური შეხვედრის შემდეგ შავი ზღვის კურორტზე დასვენებასაც დაპირდნენ,მაგრამ ”ცდა ბედის მონახევრე არ აღმოჩნდა”.პოლ პოტმა საბჭოთა მიწვევაზე უარი თქვა და რაც მოუცლელობით ახსნა.რათქმაუნდა მიზეზი რეალობას ასახავდა,ავადმყოფურ-პათოლოგიური რეფორმების მომზადება-განხორციელება უტოპიური სოციალიზმით დასნებოვნებული გონების დაძაბვას საჭიროებდა.

"ძმების" გადაწყვეტილებით მალევე შეიქმნა ”ობიექტი ს-21”,რომელიც განთავსდა ქალაქ-მოჩვენება პნომპენის ერთ-ერთ უბანში მდებარე ყოფილი ლიცეუმის, ტოულ სლენგის შენობაში.ეს დაწესებულება იყო რეპრსიების ცენტრი,სადაც მიჰყავდათ ღალატსა და სხვა დანაშაულში ბრალდებულები(სიტყვა ბრალდებული ფორმალობაა,რადგან ყველა დაკავებული უდანაშაულო იყო,ყოველივე ეს ”კუდიანებზე ნადირობას” ჰგავდა),აწარმოებდნენ მათ დაკითხვას,სასურველი შედეგი(ჩაუდენელი დანაშაულის აღიარება) მიიღებოდა წამებით.აი ციტატა ერთ-ერთი ბრძანებიდან: ”წამება გამოიყენება ადეკვატური რეაქციის მისაღებად.წამება გართობის საშუალებას არ წარმოადგენს.ტკივილი მიყენებული იქნა უნდა ისე,რომ გამოიწვიოს სწრაფი რეაქცია.ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბრალდებული ფსიქოლოგიურ გატეხვას.წამებისას არ უნდა იქნეს გამოვლენილი სუბიექტურობა.ბრალდებულის წამებისას ყველაფერი ნორმის ფარგლებში უნდა ხდებოდეს,რადგან მიზანი არის შედეგის მიღება და არა ადამიანის მოკვდინება.და არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ჩვენ ვახორციელებთ პოლიტიკურ პრევენციულ ღონისძიებებს და მიზანი მიიღწევა მაშინ,როცა მტერი ბოლომდე გატყდება.”
წამების მრავალი გზა არსებობდა,ყველაზე ხშირად კი იყენებდნენ ფრჩხილების ბრტყელტუჩით დაგლეჯას,პოლიეთილენის პარკით დახრჩობის იმიტაცია,ფეკალური მასებით იძულებით კვებას.
სასურველი შედეგი თუ არ იქნებოდა მიღებული,ბრალდებულს სიკვდილით დასჯა ელოდა.სიკვდილით დასჯისას იყენებდნენ სხვადასხვა მეთოდებს:ჩამოხრჩობა,ცოცხლად დამარხვა,მოკვდინება ალესილი ბარებით,ჩაქოლვა ჩაქუჩის,ცულის და ბამბუკის ჯოხების გამოყენებით.


ტოულ სლენგი.დღეს ამ შენობაში გენოციდის მუზეუმია

საკნები ტოულ სლენგში

1975-1979 წლებში ტოულ სლენგური საშინელება საკუთარ თავზე 17 ათასამდე ადამიანმა გამოსცადა,რომელთა უმეტესობა სიკვდილით დასაჯეს.

კამპუჩიის კონსტიტუციამ მალევე განიცადა ცვლილება და მრავლად გაჩნდა სიცოცხლი მოსპობის გამამართლებელი ჩანაწერები.ასე მაგალითად:”კატეგორიულად იკრძალება რეაქციონული რელიგიები,რომელიც ვნებს დემოკრატიული კამპუჩიისა და კამპუჩიელ ერს”.ამ ჩანაწერმა ხელფეხი გახსნა და სისხლის წვიმა დაატყდა თავს სხვადასხვა რელიგიებს.82 ათასი ბუდისტიდან მხოლოდ ერთეულები გადაურჩნენ დახვრეტას.ააფეთქეს 2800 პაგოდა(ბუდისტური სალოცავი),ნაწილი კი ყაზარმებად და მსხვილფეხა პირუტყვის საკლავად გადააქციეს,დაანგრიეს ბუდის არაერთი ქანდაკება.
მსგავსი რეპრესიები დაატყდათ ქრისტიანებსა და მუსლიმანებსაც.დახვრიტეს 60 ათასი ქრისტიანი და 20 ათასი მუსლიმანი(მხოლოდ 4 ადამიანი გადაურჩა სიკვილს),დაანგრიეს ეკლესია-მონსატრები,მიწასთან გაასწორეს 114 მუსლიმანური სალოცავი.
აიკრძალა უცხო ენები და დაიშვებოდა მხოლოდ ქჰმერთა ენა,აიკრძალა წიგნები,წერა-კითხვა(დაფიქსირდა პედაგოგთა სიკვდილით დასჯის არაერთი შემთხვევა),სიმღერა,ცეკვა და კინო,სათვალეების ხმარებაც კი(წითელი ქჰმერები ყველა სათვალიანს ინტელიგენტად თვლიდნენ და მაშინვე აპატიმრებდნენ,შემდეგ კი სიკვდილით სჯიდნენ).შემოიღეს ჯორჯ ორუელის ”1984”_ში აღწერილი ახალმეტყველების მსგავსი სპეციფიკური ლექსიკა.ზემოთნახსენები კანონთა დამრღვევს სიკვდილით დასჯა ელოდა.
გააუქმეს ბიბლოთეკები,კინოთეატრები,თეატრები,გადაწვეს ეროვნული არქივის შენობები.მთელი ქვეყნის მასშტაბით გაანადგურეს ავტომობილები,სამშენებლო ტექნიკა და ისეთი მოწყობილობები,როგორებიცაა ელექტროსაპარსები,საკერავი მანქანები,მაგნიტოფონები,მაცივრები.
აიკრძალა ემოციის ყოველგვარი ნეგატიური გამოვლენა,სოციალისტურ-პოლიტიკური მიზეზგარეშე პოზიტიური ემოცია,ფიზიკურ ლიკვიდაციას დაქვემდებარებული ავადმყოფების(განსაკუთრებით შშმ პირები და ფისიქიკურად დაავადებულები) მიმართ სოლიდარობა.
განათლებისა და კულტურის მინისტრამ განაცხადა: ”დაავადებული მხოლოდ ბურჟუაზიაა,ერი ყოველთვის ჯანმრთელია და მას არ სჭირდება ბურჟუაზიული სწავლებები”.
როგორც ზევით ვთქვი,მოსახლეობას სოფლებისაკენ მიერეკებოდნენ და ახალშექმნილ სოფლის კომუნებში ასახლებდნენ.ვინც უარს ამბობდა ქალაქიდან გადასახლებაზე სასტიკი სიკვდილი ელოდა,მათ თხრილებში ყრიდნენ,თოხით და ბარით სასიკვდილო იარებს აყენებდნენ.იყო შემთხვევა,როცა რამდენიმე ათეულ ადამიანს ფოლადის მავთულხლართში ახვევდნენ და მაღალი ძაბვის ზემომედებით გონდაგარგულებს თხრილებში ყრიდნენ.მოსახლეობის უდიდესი ნაწილი წინააღმდეგობას ვერ ბედავდა და მონური მორჩილებით მიუყვებოდა გზას სოფლის კომუნებისაკენ.კომუნებს მართავდნენ კამაფიბალები(სოფლის უხუცესი).
კომუნათა მცხოვრებლებს(უფრო სწორად მონებს) უმძიმეს პირობებში უწევდათ ცხოვრება,ცოლ-ქმრებს აშორებდნენ და შეხვედრის უფლებას მხოლოდ თვეში ერთხელ აძლევდნენ.ქალები და მამაკაცები ცალკ-ცალკე ბარაკებში ცხოვრობდნენ.ბავშვები  კამბოჯის კომუნისტური პარტიის იდეოლოგიის ქვეშ იზრდებოდნენ და საბოლოოდ იღებდნენ ზომბირებულ მასას,რომელიც კამბოჯის არმიის ხერხემალს წარმოადგენდა.
კომუნებში იქმნებოდა  ჯგუფები,რომლებსაც ყოველგვარი ანაზრაურების გარეშე უნდა ემუშავათ დღეში 12 საათი(ხშირად უფრო მეტი) ბრინჯის მინდვრებში.ვინც წინააღმდეგობას ბედავდა,სიკვიდლით სჯიდნენ.სოფლის მოსახლეობის მდგომარეობას ართულებდა კანონი,რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა ყოველგვარი მედიკამენტოზური თუ ქირორგიული მკურნალობა(დაფიქსირდა ექიმთა სიკვდილის დასჯის არაერთი შემთხვევა).მძიმე პირობებში მომუშავე ადამიანები დაუცველი რჩებოდნენ მრავალი დაავადების წინაშე,რომელსაც ემატებოდა სუფთა წყლისა და გემრიელი ულუფის ნაკლებობა.საბოლოოდ სიკვდილიც უმაწყალოდ სცელავდა ტერორის ქვეშ მყოფ კამბოჯელებს.

როგორც ხედავთ ადამიანის ერთადერთი გზა გადარჩენისათვის მორჩილება და მონობა იყო.”მონობა თავისუფლებაა”(ჯორჯ ორუელი ”1984”).რთული იყო ასეთი ტირანიის ატანა,ამიტომაც კატასტროფულად იზრდებოდა სიკვდლით დასჯილთა რიცხვი.იმისათვის,რომ ნათელი წარმოდგენა გვქონდეს განვიხილოთ მცირე ქვესათაური.

სიკვდილის ველები

სიკვდილის ველები,ეწოდება ადგილებს სადაც ”წითელი ქჰმერების” მმართველობისას სიცოხლეს გამოასალმეს ასი ათასობით ადამიანი(ზუსტი რიცხვის დადგენა რთულია).
”დამნაშავეებს” სიკვდილის ველებისკენ ერეკებოდნენ და სწორედ აქ ხდებოდა მათი სიკვდილით დასჯა.ყველაზე სისხლიანი ”ველია” ჩოენგ ეკი,რომელიც პნომპენიდან 17 კმ_ში მდებარეობს,სწორედ აქ ხვრეტდნენ ტოულ სლენგის პატიმრებს.
”წითელი ქჰმერების” ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ,ჩოენგ ეკის ტერიტორიაზე მემორიალი გაიხსნა.

გარეგნულად ჩვეულებრივ ბუდისტურ სალოცავ პაგოდას მოგაგონებთ,მაგრამ...
საკმარისია ახლოს მოსვლა და თქვენს წინაშე შემზარავი სურათი გადაიშლება.


ფანჯრიდან მოჩანს სტელაჟები,რომელზეც მოთავსებულია ”წითელ ქჰმერთა” სისხლიანი  რეჟიმის მსხვერპთა ძვლები.საქმე იმაშია,რომ მეოცე საუკუნის 80 იან წლებში,ჩოენგ ეკის ტერიტორიაზე მოხდა მასობრივი ექსჰუმაცია და მაშინ გაჩნდა იდეა,რომ შეექმნათ მემორიალი,სადაც გამოფენდნენ ”წითელ ქჰმერთა” მმართველობის მსხვრეპლთა ძვლებს.


სტელაჟებზე მოთავსებულია დაახლოებით 5000მდე თავის ქალა(სულ ექსჰუმირებულ იქნა 9000მდე ადამიანის გვამი).

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სანახაობაა,თუმცა ცდებით.ეს არის ერთ-ერთი სამარხი,სადაც არაერთი სიკვდილით დასჯილი დამარხეს.

ხე,რომელზეც არაერთ ბავშვს ”გაუპეს” თავი...

დაფა მასობრივ სამარხთან,სადაც 100მდე ქალი და ბავშვი შიშვლად დამარხეს.

დაფა სამარხთან,სადაც 166 თავმოკვეთილი ადამიანი დამარხეს.

***
დემოკრატიული კამპუჩიის მოსახლეობის სრული დამონებისა და ქვეყნაში უტოპიური წყობის დამყარების შემდეგ ”წითელ ქჰმერები” ვიეტნამს დაუპირისპირდნენ.მიუხედავად იმისა,რომ ამერიკელთა წინააღმდეგ ჩრდილოეთ ვიეტნამელ კომუნისტებს კამბოჯელები გვერდით დაუდგნენ,ორ ქვეყანას შორის სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.პირველი ნაბიჯი კონფლიქტისაკენ პოლ პოტმა გადადგა.1978 წლის აპრილში მისი ბრძანებით ”წითელ ქჰმერთა” არმიის მოზარდმა ჯარისკაცებმა გადაკვეთეს ვიეტნამის საზღვარი და სოფელ ბაიჩუკის მოსახლეობა ეთნიკური წმენდა მოახდინეს,დაიღუპა 3000მდე ვიეტნამელი.
მსგავსი ქმედების უპასუხოდა დატოვება არ შეიძლებოდა,ამიტომაც აშშ_ს წინააღმდეგ ომში გამობრძმედილი ვიეტნამელები,ვან ტიენგ ზუნგის ხელმძღვანელობით  მასობრივ შეტევაზე გადადიან.ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ნათლად გამოჩნდა ”წითელ ქჰმერთა” არმიის მინუსები.ზომბირებული მოზარდების არმიამ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ვიეტნამის არმიას და 1979 წლის იანვარში პნომპენი დაეცა.

ვიეტნამელი ჯარისკაცები პნომპენში

ოკუპირებული ქვეყნის ხელმძღვანელად დანიშნეს კამპუჩიის განმანთავისუფლებელი ერთიანი ფრონტის თავმჯდომარე ჰენგ სამრინი.

ჰენგ სამრინი

პოლ პოტი რამდენიმე ათას მომხრესთან ერთად ვიტნამელთა მიერ დაკავებულ ტერიტორიებს გაერიდა და ტაილანდის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ჯუნგლებში დაბანაკდა.მიუხედავად მარცხისა,პოლ პოტის მომხრეები დანაბებას არ აპირებდნენ,მათ ცეცხლზე ნავთს ჩინეთიც ასხამდა.მსოფლიო ჰეგემონობის მეოცნებე ჩინეთი ვერ ეგუებოდა კომუნისტური საბნისქვეშეთიდან ერთი ქვეყნის გამოსვლას(სსსრკ_ს ხელმძღვანელებს სულ არ აინტერესებდათ პოლ პოტის ბედი,რადგან ამ დროისათვის მათ საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ვიეტნამელებთან),ამიტომაც დაიგეგმა ახალდანიშნული ჰენგ სამრინის ჩამოგდება და ისევ პოლ პოტის დაბრუნება.ამისათვის ერთადერთი გზა იყო სამხედრო ოპერაცია.1979 წლის თებერვალში კამბოჯას მორიგი ომის ქარცეცხლი დაატყდა,ამჯერად ჩინელების სახით.
სამხედრო ოპერაციამ მარტში დასრულდა,ვიეტნამიცა და ჩინეთიც თავს გამარჯვებულად თვლიდა.ჩინელთა მისია შეუსრულებელი დარჩა და იდეა პოლ პოტი ”რეინკარნაციისა” წარსულს ჩაბარდა.გადიოდა წლები და ეს წარსული ისევ აწმყოდ იქცეოდა,ტაილანდის საზღვართან მდებარე მცირე ტერიტორიას ისევ ”წითელი ქჰმერები” აკონტროლებდნენ და პარტიზანული ტაქტიკით  ცდილობდნენ ფონს გასვლას.

პოლ პოტის რეჟიმის დაცემის შემდეგ მსოფლიო ყურადღება კამბოჯისკენ იქნა მიმართული.მსოფლიო მოიარა ”წითელ ქჰმერთა” არნახული სისასტიკის დამამტკიცებელმა მასალებმა და ადამიანები შეძრა.
ისტორიკოსები და მეცნიერები ტირანიის მსხვერპლთა ზუსტ რაოდენობაზე დღესაც ვერ თანხმდებიან.დაღუპულთა რიცხვი 1-3 მილიონს(იმ დროინდელი კამპუჩიის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი) შორის მერყეობს.

ვიეტნამელთა განმანთავისუფლებელი საომარი მოქმედებების შემდეგ,1979 წლის ზაფხულში კამბოჯელთა მოთხოვნით გაიმართა სახალხო ტრიბუნალი,რომელმაც პოლ პოტსა და იენგ სარის დაუსწრებლად შეუფარდა სიკვდილით დასჯა.დასავლეთ ევროპის არაერთმა ქვეყანამ და აშშ_მ ტრიბუნალის კანონიერებაში ეჭვი შეიტანა და დამნაშავეთა გასამართლებელ გზად საერთაშორისო სასამართლო მიიჩნია.

მსოფლიო შოკის ტალღა დაატყდა,სამართლადამცველები დამნაშავეთა შეპყრობა-გასამართლების გზების ძიებაში არიან,ხოლო პოლ პოტი არც კი ფიქრობს კაპიტულაციას.1981 წელს პოლ პოტი კრებას მართავს და საკუთარ მომხრეებს სიტყვით მიმართავს: ”ჩემი პოლიტიკა იყო სწორი.მონდომებული ქვეშევრდომები ჩემს ბრძანებებს ამახინჯებდნენ.ბრალდება მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შესახებ ტყუილი და მითია,ადამიანთა განადგურების ეს ციფრი,რომ რეალური იყოს მაშინ კამბოჯელი ერი არსებობას შეწყვეტდა”. პოლ პოტის მსგავსი განცხადება მტკნარი სიცრუე იყო,ასეთია დიქტატორების ხელწერა.
ამის შემდეგ პოლ პოტის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა,იყო ვერსია,რომ ის ჩინეთში გადასახლდა,რომ ის გარდაიცვალა და ა.შ. რეალურად კი ის ისევ ჯუნგლებში აგრძელებდა პარტიზანულ მოქმედებებს.გადიოდა წლები და მისი მომხრეთა რიცხვი მცირდებოდა,თანდათან წრე ვიწროვდებოდა.1997 წელს დადგა დღე აღსასრულისა,თუმცა ეს არ იყო ფიზიკური ფინიში.ყოველივე ამას წინ უძღოდა რეპრესიის მორიგი ტალღა,რომელიც თავს დაატყდა პოლ პოტის მეგობარ სონ სენს,რომელშიც იფეთქა თვითგადარჩენის ინსტიქტმა და ”წითელ ქჰმერთა” ლიდერის დასმენა განიძრახა.ცდა ბედის მონახევრე არ აღმოჩნდა და სონ სენი შეიპყრეს.პოლ პოტმა მალევე გამოიტანა განაჩენი-სიკვდილი მოღალატეთ.სონ სენი და მისი ოჯახის 14 წევრი სასტიკად აწამეს.ამ ფაქტიდან მცირე ხანში პოლ პოტი ძმა #4 ტა მოკის მიერ იქნა შეპყრობილი.მას ბრალად წაუყენეს რევოლუციის ღალატი(სასაცილოა მსგავსი ბრალდება) და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს,მაგრამ ამ განაჩენს აღსრულება არ ეწერა.პარტიის წინაშე დამსახურებებმა იხსნა 72 წლის პოლ პოტი და მას უფლება მისცეს სიცოცხლის დარჩენილი წლები სიმშვიდეში გაეტარებინა.ამ სიმშვიდეს ჰქონდა ჯუნგლებში მდებარე პატარა ქოხის ”ფორმა”.სადაც ცხოვრობდა კამბოჯელი ხალხის მწვალებელთა ლიდერი ცოლსა და ქალიშვილებთან ერთად(პოლ პოტის შვილების შესახებ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია,გავრცელებული ვერსიის მიხედვით მას ჰყავდა ერთი ვაჟი,რომელიც ვიეტნამელებთან ბრძოლას შეეწირა და რამდენიმე ქალიშვილი).
გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე პოლ პოტმა ერთ-ერთი დასავლურ გაზეთს ინტერვიუ მისცა,სადაც განაცხადა,რომ არაფერს ნანობს.

პოლ პოტი 1998 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა.16 აპრილს მოახდინეს კრემაცია და ფერფლი მიმოაბნიეს კამბოჯის ცისქვეშეთში.მანამდე კი გვამი ვიდეოკასეტაზე ასახეს ,კადრები დასავლეთ ევროპელ და ამერიკელ ჟურნალისტებს გადაუგზავნეს.პოლ პოტის გარდაცვალების შესახებ ცრუ ცნობები არაერთხელ გავრცელდა და ყველა ცნობა ჭორი აღმოჩნდა,მაგრამ ამჯერად უკვე ყველაფერს რეალური ელფერი დაჰკრავდა და ეს რეალობა აქსიომად სწორედ ამ კადრებმა აქცია.ჟურნალ-გაზეთთა გვერდები მოიარა ცნობამ იმ ადამიანის გარდაცვალებისა, რომლის მიერ შექმნილმა ტირანიამ 2 მილიონზე მეტი კამბოჯელის სიცოცხლე შეიწირა.გამოცანად რჩება ეს იყო ბუნებრივი სიკვდილი თუ მკვლელობა.თუმცა ამას არც აქვს დიდი მნიშვნელობა.


სე დასრულდა აბსურდის თეატრის ისტორია,რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვიდო ხელისგულზე თუ სადამდე მიდის ადამიანის სისასტიკე.
ყოველივე ეს წარსულია და ბნელეთიდან გამოსული ერი თანდათანობით იშუშებს ჭრილობებს.”წითელ ქჰმერთა” მემკვიდრეობა კი ისევ იჩენს თავს,სწორედ პოლ პოტის მმართველობის დროს კამბოჯის მიწა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების სამფლობელოდ იქცა.70 წლებიდან დღემდე 60 000 ადამიანი იმსხვერპლა ნაღმზე აფეთქებამ,ბევრად მეტი კი დაინვალიდდა.

ვიეტნამელმა სამხედროებმა კამბოჯა 1989 წელს დატოვეს.ეს კამპანია ძვირად დაუჯდა ვიეტნამს-25 ათასი სამხედრო დაიღუპა,ხოლო ბევრად მეტი დაიჭრა.
2006 წელს გარდაიცვალა ”წითელ ქჰმერთა” უკანასკნელი ხელმძღვანელი ტა მოკი.


ტრიბუნალის იდეა ჯერ კიდევ ცოცხლობდა და კიდევ არსებობდა დამნაშავეთა დასჯის იმედი.პირველი ნაბიჯი 1997 წელს გადაიდგა,როცა გაეროს გენერალური მდივანის მაგიდაზე კამბოჯის მთავრობის წერილი გაჩნდა.კამბოჯელები გაეროს სასამართლოს ორგანიზებას თხოვდნენ,რომლის მიზანი ”წითელ ქჰმერთა” ცოცხლად დარჩენილი მაღალჩინოსნების დასჯა იქნებოდა.
წერილზე რეაგირება მალევე მოხდა და დაიწყო მოლაპარაკებები.2003 წლის 6 ივნისს გაერომ ხელი მოაწერა შეთანხმებას,მიუხედავად ამისა პროცესი მაინც დროში გაიწელა-კამბოჯის არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობისა და სხვა მიზეზთა გამო.
მდგომარეობა 2006 წლის მარტში გამოსწორდა და დაიწყო მზადების პროცესი.გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის გადაწყვეტილებით ტრიბუნალისათვის შეირჩა 7 მოსამართლე სხვადასხვა ქვეყნიდან.


მიუხედავად წინსვლისა მთავარი ამოცანა ჯერ კიდევ ამოუხსნელი იყო-”წითელ ქჰმერთა” ნარჩენები თავისუფალნი იყვნენ.ამოცანის ამოხსნა 2007 წელს გახდა შესაძლებელი.2007 წლის 31 ივლისს დააპატიმრეს ტოულ სლენგის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კან კეკ მენი(ამჟამად 72 წლის), 19 სექტემბერს დააპატიმრეს ძმა ნომერი 2 ნუონ ჩეა(ამჟამად 89 წლის),12 ნოემბერს ძმა ნომერი 3 იენგ სარი და მისი მეუღლე,ასევე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იენგ თირითი(ამჟამად 83 წლის),19 ნოემბერს კი ძმა ნომერი 5 კჰიეუ სამპჰანი(84 წლის).


სასამართლოს წინაშე პირველი წარსდგა კან კეკ მენი(საქმე 1),ბრალდების სია მოიცავდა:კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს;გენოციდს;სამხედრო დანაშაულს;1949 წელს მიღებული ჟენევის კონვენციის დარღვევას,კერძოდ განზრახ მკვლელობა,წამება,უკანონო დაპატიმრებები;კამბოჯის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების დარღვევა.კამნ კეკ მენს მიესაჯა 35 წლით თავისუფლების აღკვეთა.დაცვის მხარის მიერ განაჩენი აპელირებულ იქნა,თუმცა გასაჩივრება უშედეგო აღმოჩნდა

ფოტო გადაღებულია 2011 წლის 14 ოქტომბერს.ერთ-ერთ სკოლაში გაიმართა კონფერენცია მოსწავლეთა ინფორმირების მიზნით.მოზარდთა თვალთახედვის არეში მოექცა ზემოთნახსენები ხუთეული.

დანარჩენი ოთხი დამნაშავის სასამართლო მოსმენა 2011 წლის 27 ივლისს დაიწყო.გახილვა 2014 წლის 7 აგვისტოს დასრულდა და ტრიბუნალმა შემდეგი განაჩენი გამოიტანა:
  • ნუონ ჩეა – სამუდამო პატიმრობა;
  • კჰიეუ სამპჰანი – სამუდამო პატიმრობა.
ზემოთნახსენები იენგ სარი 2013 წლის 14 მარტს გარდაიცვალა და საქმეც შეწყდა,ხოლო მისი მეუღლე იენგ თჰირითი სასამართლომ 2012 წლის 16 სექტემბერს გაანთავისუფლა(თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ ის გაამართლეს),მიზეზად კი ბრალდებულის ფიზიკური მდგომარეობა-ალცჰეიმერის დაავადება დასახელდა.

სტატიამ გვაჩვენა ურმით მოსიარულე სამართლის და დაუსჯელობის სინდრომის რეალური სახე,სახე რომლის მიღმაც მანკიერება იმალება... 

წაკითხულის შემდეგ ალბათ მიხვდით, რასაც ნიშავს სათაურში ნახსენები სიტყვა "ჯალათოკრატი".

Комментариев нет:

Отправить комментарий