07.06.2011

ლინდბერგის საქმე 2


"ლინდბერგის საქმის" პირველ ნაწილში განვიხილე მოვლენები 1932 წლის 1 მარტიდან(ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის გატაცების თარიღი) 12 მაისამდე(როცა სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა უილიამ ალენმა ტყის სიახლოვეს გამავალ გზაზე,სატელეფონო ბოძთან აღმოაჩინა ბავშვის გვამი).ამ მცირე პერიოდში ლინდბერგების ოჯახმა მრავალი ღამე თეთრად გაათენა,იყო იმედები და იმედგაცრუებები,ხანმოკლე სიხარული და ისევ იმედგაცრუება.12 მაისის მოვლენებმა კი საბოლოოდ ბოლო იმედის ნაპერწკალიც ჩააქრო და წყვდიადმა დაისადგურა.ვნახოთ თუ როგორ ვითარდება მოვლენები ბავშვის(ჯერ კიდევ დასადგენია ეკუთვნოდა, თუ არა გვამი პატარა ჩარლზს) გვამის აღმოჩენის შემდეგ.
აღელვებულმა ალენმა მალევე პოლიციას დაუკავშირდა.სატელეფონო ზარიდან რამდენიმე წუთის შემდეგ შემთხვევის ადგილას რამდენიმე პოლიციელი გამოჩნდა და გვამი ქალაქ ტრენტონის(ნიუ ჯერსის შტატი) პროზექტურაში გადაასვენეს.საჭირო იყო გვამის გაკვეთა.
გაკვეთამდე პროზექტურაში გამოიძახეს ჩარლზ ლინდბერგი,ენი მოროუ და ბეტი გოუ.თუმცა რთული იყო გახრწნილი გვამის დათვალიერებას რაიმე შედეგი მოჰყოლოდა.ამიტომაც გადაწყდა აუტოპსია.ამ პროცედურას ხელმძღვანელობდა პათანატომი ჩარლზ მიტჩელი(თუმცა ეს ხელმძღვანელობა მხოლოდ სიტყვიერი ფორმის იყო,რადგან მიტჩელი ართრიტულ ტკივილებს უჩიოდა და ხელით ხანგძლივი მუშაობა უჭირდა.ამიტომ გაკვეთა მიანდო უოლტერ სვეიზის,თვითონ კი მხოლოდ დამკვირვებლის როლში იყო და სიტყვიერი რჩევებით შემოიფარგლებოდა).
მალევე დაიდო აუტოპსიის დასკვნა–გვამს არ ჰქონდა ზედა კიდურები და მარცხენა ფეხი მუხლს ქვემოთ.სხეულის სიმაღლე დაახლოებით 82,5 სმ შეადგენდა,რაც 10 სმ_ით მეტი იყო ვიდრე ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის.
საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვეს თავის ქალის დათვალიერებისას,სადაც აღმოაჩინეს დაახლოებით 1 სმ დიამეტრის ხვრელი,რომელიც თავდაპირველად ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებულ იარად მიიჩნიეს.თუმცა შემდგომმა დათვალიერებისას არც გამავალი ჭრილობა აღმოუჩენიათ და არც ტყვია.ცხადი იყო,რომ ეს არ იყო ტყვიის კვალი.ამ ნახვრეტის წარმოშობის "საბუთი" მალე გამოჩნდა,ალენის მიერ გამოძახებული პოლიციელებიდან ერთ–ერთმა,დეტექტივმა უელშმა გვამს ჩიჩქნა წვრილი ჯოხით დაუწყო და სავარაუდოდ სწორედ ამ დროს დაზიანმდა ბავშვის თავის ქალა(თუმცა ამ ვერსიას ეჭქვეშ აყენებდა აუტოპსიის კიდევ ერთი მონაწილე,პედიატრი ფილიპ ვან ინგენი).
ტვინის დათვალიერებამ მიტჩელს საშუალება მისცა,რომ გაემყარებინა ვერსია,თითქოს ეს გვამი ნამდვილად პატარა ჩარლზის იყო.ტვინში აღმოაჩინეს 4 სერიოზული დაზიანება და ყოველივე ეს დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგი ან თავში მძიმე საგნის დარტყმით იყო გამოწვეული.


აუტოპსიის პროცედურამ მრავალი კითხვითი ნიშანი დატოვა,გაკვეთის დროს არ გადაღებული არცერთი ფოტო(ფოტოები აუცილებელი იქნებოდა სასამართლო პროცესზე).პროცედურის დასრულებისთნავე გვამი ადგილობრივ კრემატორიუმში დაწვეს.მოვლენათა ეს კასკადი კითვით ნიშნების რაოდენობას მკვეთრად ზრდის.რჩება შთაბეჭდილება,რომ მიტჩელის(და რათქმაუნდა პოლკოვნიკ შვარცკოპფის) მიზანი იყო დაედო დასკვნა,სადაც აღმოჩნელი გვამი ჩარლზ ლინდბერგ უმცროსად გასაღდებოდა.გვამის ოპერატიული კრემაცია კი ალტერნატიულ გაკვეთას გამორიცხავდა და მხოლოდ ერთი ვერსია გვრჩებოდა.

მიტჩელმა აუტოპსიისა და კრემაციის შემდეგ ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის დაღუპვის შემდეგი ვერსია გაახმოვანა–დამნაშავე,რომელიც ფანჯრიდან შევიდა ბავშვის ოთახში,პატარას ათავსებს ტომარაში,ფანჯრიდან გვამს აწვდის კიბეზე მყოფ მოკავშირეს.სავარაუდოდ ამ დროს მოხდა ტრაგედია და ტომარაში მყოფ ბავშვს დაუზიანდა თავის ქალა.კიბიდან ჩამოსვლის შემდეგ დამნაშავეები სირბილით ტოვებენ ტერიტორიას და მიემართებიან მანქანისაკენ.მანქანაში აღმოაჩინეს,რომ ტომარაში მოთავსებული ბავშვი მკვდარი იყო და გვამი სწორედ ტყის პირას მდებარე გზაზე მიაგდეს.

აუტოპსიის არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემდეგ განვიხილოთ თუ რა ღონეს ხმარობდა პოლიცია სავარაუდო გამტაცებელთა გამოვლენის მიზნით.როგორც ვახსენენ 2 აპრილს კონდონმა წმ.რეიმონდის სასაფლაოზე გამტაცებელს გადასცა კონვერტი,სადაც 50000 $ იყო მოთავსებული,ეს იყო ოქროს სერთიფიკატები და არა ჩვეულებრივი ბანკნოტები.სწორედ კონვერტში მოთავსებული ოქროს სერთიფიკატები მცირე სინათლეს შემოიტანენ და საქმეს ბოლომდე მიიყვანას "მწვანე შუქს" აუნთებენ(ვაი ასეთ დასასრულს).თანხის კონვერტში მოთავსებამდე ამ სერთიფიკატების უნიკალური ნომერი დაფიქსირებულ იქნა ე.წ "ლინდბერგის სიაში".ეს სია გადაეცა ყველა საბანკო და საფოსტო დაწესებულებას.თუ გამოჩნდებოდა სიაში მოცემული ნომრის მქონე სერთიფიკატი,ეს ნიშნავდა,რომ გზა გამტაცებლისაკენ მიდიოდა.
1933 წელს აშშ პრეზიდენტ რუზველტის გადაწყვეტილებით 100 $_ის ნომინალის ობლიგაციები( ეს ეხებოდა "ოქროს სერთიფიკატებსაც") ამოღებას დაექვემდებარა.პრეზიდენტის ამ გადაწვეტილებამ გამტაცებლებს ყველა გზა მოუჭრა და 2 აპრილს მიღებული ფულის ლეგალიზების მცდელობა მათთვის დამღუპველი აღმოჩნდებოდა.

ოქროს სერთიფიკატი, ნომინალით 100$

1934 წლის 15 სექტემბერს მოხდა ის,რასაც სამართალდამცველები ერთი წლის მანძილზე ელოდნენ.ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერდა 1930 წლის 4 კარებიანი "დოჯი" და სადგურის ოპერატორ ულტერ ლილს 10 $ ნომინალის ოქროს სერთიფიკატი გაუწოდა.ლილს გაზეთებიდან ბევრჯერ ქონდა ამოკითხული ლინდბერგის საქმის სხვადასხვა დეტალი და ოქროს სერთიფიკატების ამბავიც ცნობილი იყო მისთვის,ამიტომაც მანქანის ნომრებიც კი დაიმსახსოვრა.მალევე გაავსო მანქანის ბენზინის ავზი.ბენზინის ფასმა 98 ცენტი შეადგინა,ხოლო ხურდა მანქანის მძღოლს გადასცა.მანქანა ამუშავდა და მალე თვალს მიეფარა,თუმცა ყველა მონაცემი არსებობდა ამ ავტომანქანის შესახებ.
უოლტერ ლილი ბოლომდე ჩაერთო ამ საქმეში,გაემართა ადგილობრივ საბანკო დაწესებულებაში,მოლარეს გადასცა 10 დოლარის ნომინალის სერთიფიკატი და ითხოვა მისი შედარება "ლინდბერგის სიაში" მოცემულ ნომრებთან.მოლარე და უოლტერი თვალებს არ უჯერებდნენ,ეს ნომერი სიაში აღმოჩნდა და გამოსასყიდის ნაწილს წარმოადგენდა.
მალე გაიგო ეს ფაქტი პოლიციამ და ლილის ჩვენების საფუძველზე იპოვეს აღნიშნული მანქანა,ის ეკუთვნოდა ბრონქსში(ნიუ იორკი) მცხოვრებ 35 წლის რიჩარდ(ბრუნო) ჰაუპტმანს.



ჰაუპტმანის სახლი

ჰაუპტმანი პოლიციამ საკუთარ სახლში აიყვანა და მაშინვე დეტალურად გაჩხრიკა,შედეგად ჯიბეში 20 დოლარის ნომინალის ოქროს სერთიფიკატი აღმოუჩინეს,რომელის ნომერი "თეთრით შავზე" ეწერა "ლინდბერგის სიაში".კიტონმა(სწორედ მას დაავალა შვარცკოპფმა გამოძიების წარმართვა) ჰაუპტმანს მიმართა:"სად გაქვთ დანარჩენი?";პასუხად კი მიიღო–"მე საერთოდ არ მაქვს ფული".

ამ საუბრის დროს კიტონმა შეამჩნია,რომ დაკავებულის მზერა სახლის სიახლოვეს მდგარ შენობისკენ იყო მიმართული.მალევე გაირკვა,რომ ეს შენობა ქირით ჰქონდა რიჩარდს აღებული და გარაჟს აშენებდა(თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ გარაჟს იხილავთ რამდენიმე აბზაცის შემდეგ).
ამის შემდეგ ჰაუპტმანის სახლის ჩხრეკას შეუდგნენ,სამზარეულოში კედელზე აღმოაჩინეს მინაწერი,რომელიც "ჯაფსი" კონდონის ტელეფონის ნომერი აღმოჩნდა.20 დოლარიანი სერთიფიკატი ჯიბეში და კონდონის ტელეფონი კედელზე საკმარისი ამოჩნდა რიჩარდ ჰაუპტმანის დაპატიმრებისათვის.

ჰაუპტმანი თითის ანაბეჭდების აღებისას

დაპატიმრების შემდეგ დაიწყეს ჰაუპტმანის პერსონის შესახებ ინფორმაციის მოგროვება,დაუკავშირდენენ გერმანელ კოლეგებს და გამოითხოვეს ინფორმაცია.მალე მიიღეს ცნობები,სათაურით "ბრუნო ჰაუპტმანი".როგორც აღმოჩნდა რიჩარდ 1923 წელს გახდა,როცა აშშ_ში გადავიდა საცხოვრებლად,მანამდე მას ბრუნო ერქვა.რამდენიმე აბზაცის შემდეგ კი წააწყდნენ ცნობას,რომელიც იუწყებოდა 1919 წელს ჩადენილი ძარცვის შესახებ,ბრუნო გასაშლელი ხის კიბის საშუალებით აძვრა ერთ–ერთ ბინაში და სცადა საკვებისა და ტანსაცმლის მოპარვა,თუმცა ის დააპატიმრეს.მცირე ხნის შემდეგ გაათავისუფლეს და ამის შემდეგ მოუვიდა აზრად შტატებში გადასვლა.
გერმანულმა ცნობებმა პარალელი გაავლო ჰოუპველში განვითარებულ მოვლებნებთან.
ამის შემდეგ პოლიციის შენობაში დაიბარეს კონდონი,რომელსაც უნდა ამოეცნო ჰაუპტმანში ის გამტაცებელი,რომელსაც ის ორჯერ შეხვდა სხვადასხვა სასაფლაოზე.კონდონმა მცირედი დაკვირვების შემდეგ განაცხადა,რომ ეს ადამიანი სწორედ ის "ჯონი" იყო,რომელსაც გადასცა ფულით სავსე კონვერტი(პირველი ნაწილიდან ალბათ გახსოვთ კონდონი "ჯონის" გერმანული აქცენტით მოსაუბრედ ახასიათებდა).
კონდონის შემდეგ ლინდბერგის ჯერიც დადგა.2 აპრილის შეხვედრის დროს,ლინდბერგი მანქანაში იმყოფებოდა და კარგად გაიგო "ჯონის" მიერ კონდონის მისამართით "ნატყორცნი" "ეი,თქვენ!".ამის შემდეგ 2 წელზე მეტი დრო იყო გასული და საკმაოდ რთული იყო ამ ხმის დამახსოვრება,თუმცა ლინდბერგმა ჰაუპტმანის ხმაში სწორედ ის "ეი,თქვენ" ამოიცნო.
ჩატარდა გრაფოლოგიური ექსპერტიზა,შეისწავლეს გამტაცებლების მიერ გამოგზავნილ წერილები და შეუდარეს ჰაუპტმანის ხელწერას.ექსპერტიზის შედეგი დამაკმაყოფილებელი აღმოჩდა.ხელწერა იდენტური აღმოჩნდა(თუმცა შემდეგში ამ ექსპერტიზის დასკვნის მიმართაც ეჭვები გაჩნდება).

დაპატიმრებიდან მეორე დღეს შეუდგნენ მშენებარე გარაჟის დათვალიერებას,რომლის შედეგადაც აღმოაჩინეს სამალავი,რომელშიც იპოვეს რკინის ყუთი.ყუთი გახსნეს და ჰოი საოცრებავ,"გაანათა" ოქროს სერთიფიკატებმა.საერთო ჯამში აღმოაჩინეს 14 600 $ ნომინალის სერთიფიკატები და ყველა მათგანი "ლინდბერგის სიაში" იყო შეტანილი.
კითხვაზე,თუ საიდან ჰქონდა ეს ფული რიჩადს,მან განაცხადა,რომ ფულით სავსე რკინის ყუთი მიიღო 1933 წლის დეკემბერში თავის მევალე იზიდორ ფიშისგან.ფიში ამ დროს გერმანიაში გაემგზავრა და ეს ფული რიჩარდს დაუტოვა,ის მალე გეგმავდა აშშ_ში დაბრუნებას,მაგრამ 1934 წელს გარდაიცვალა.ამის შემდეგ ჰაუპტმანი ხსნის ყუთს და ნელ–ნელა იწყებს ფულის ხარჯვას.

იზიდორ ფიში

მოცემული დასკვნები და დამამტკიცებელი საბუთები რიჩარდ ჰაუპტმანისათვის გამტაცებლის იარლიყის "მიკერების" საშუალებას არ იძლეოდა,რადგან არასაკმარისი იყო კომპრომატები.თუმცა უკმარისობის ეს გრძნობა მალე გაქრა,როცა სამართალდამცველებმა კომპრომატების "ჭრა–კერვა" დაიწყეს.

1.1934 წლის სექტემბრის ბოლოს მილიარდ უაიტჰედმა(იხილეთ პირველ ნაწილში) ჰაუპტმანში ის მამაკაცი ამოიცნო,რომელიც მისი თქმით ლინდბერგების მამულის სიახლოვეს ტყის პირას შეამჩნია საკმაოდ საეჭვო ვითარებაში;
2.პირველ ნაწილში ვახსენე არტურ კოეჰლერი,რომელმაც ლაპორატორიაში მოახდინა ჰოუპველში აღმოჩენილი კიბის ანალიზი.ამ პროცედურის დროს მან შეისწავლა კიბის დამზადებისას გამოყენებული ხის მასალის ანათალები.პოლიციამ ჰაუპტმანის სახლში იპოვა შალაშინი,რომელშიც აღმოაჩინეს სწორედ კიბის მასალის ანალოგიური ანათალები;
3.ნიუ იორკის პოლიციის თანამშრომელ ლიუის ბორმანის მიერ ჰაუპტმანის სახლის სხვენში საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა.როგორც შემდგომმა კვლევამ აჩვენა სახლის სხვენში გამოყენებული მასალა კიბის მასალის იდენტური აღმოჩნდა.

ეს სამი "საბუთი" რიჩარდ ჰაუპტმანს გამტაცებლად აქცევს და ამ სტატუსს ის ვეღარ ჩამოირეცხავს.
ეჭვმიტანილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა,თუმცა ჯერ საჭირო იყო მისი ნიუ ჯერსის შტატში გადაყვანა.ნიუ იორკის სასამართლომ ერთი დღის განმავლობაში შეისწავლა წარმოდგენილი მასალები და გამოიტანა გადაწყვეტილება,რომელიც ჰაუპტონს ნიუ ჯერსის შტატის პოლიციას გადასცემდა შემდგომი სასამართლო გარჩევებისათვის.გადაწვეტილების მიღებიდან 3 საათში ჰაუმპტონი უკვე ნიუ ჯერსის შტატში იმყოფებოდა(კერძოდ,ქალაქ ფლემინგტონში).

დაიწყო ბრუნო ჰაუპტმანის სასამართლო პროცესისათვის მზადება.იუსტიციის მინისტრ
დევიდ ველენცის განცხადებით "აშშ_ს სიამაყის" ბავშვის საქმის ბოლომდე მიყვანა ღირსების საქმე იყო.

სანამ უშუალოდ სასამართლო პროცესს განვიხილავთ,კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ დამამტკიცებელ საბუთებს.როგორც იცით პოლიციამ ჰაუპტმანის ბინაში,სამზარეულოს კედელზე აღმოაჩინა კონდონის ტელეფონის ნომერი.რთულია დაიჯერო,რომ დამნაშავე ასეთ უზუსტობას ჩაიდენდა და 2 წლის მანძილზე სამზარეულოს კედელზე მინაწერ ნომერს არ წაშლიდა და საკუთარ თავს საფრთხეს შეუქმნიდა.პლიუს ამას არავის მიუქცევია ყურადღება იმ ფაქტზე,რომ კონდონის სახლის ტელეფონზე "ჯონის" არასდროს დაურეკავს.
მომდევნო "ნონსენსი" ეხება ლიუის გასტონის მიერ სხვენში აღმოჩენილ საბუთს.1931 წლისათვის ჰაუპტმანი სახლის გვერდით იწყებს გარაჟის მშენებლობას და საშენი მასალები მრავლად იყო მის ეზოში.გასტონის აღმოჩენა ამბობს,რომ ჰაუპტმანი სხვენს მცირე "დივერსიას" უწყობს,გამოაცლის რა რამდენიმე ხის ფიცარს და მისი საშუალებით ამზადებს კიბეს.არადამაჯერებლობა აქ უკვე პიკს აღწევს.

ყოველივე ეს ადგილობრივ და ამერიკის მასშტაბით ცნობილ "შერლოკ ჰოლმსებს" გულს უღრნიდა და სწორედ ამ დროს ჩნდება რამდენიმე ალტერნატიული ვერსია,რომელიც ფარდას ხდის სამართალდამცველთა "ჭრა–კერვას".
აშშ_ს მასშტაბით საკმაოდ ცნობილი იყო ელისს პარკერი,რომელსაც იცნობდნენ,როგორც "ამერიკელ შერლოკ ჰოლმსს".ოთხი ათეული წლის მანძილზე მან 300მდე საქმე გამოიძია და 288 მათგანში გამარჯვება იზეიმა,მისმა საქმიანობამ 100 ადამიანს სიკვდილით დასჯის მუხლი არგუნა.სწორედ ასეთი დონის გამომძიებელი დაინტერესდა რიჩარდ ჰაუპტმანის საქმით.

ელისს პარკერი

პარკერის კვლევები ისევ ჰაუპტმანის სახლის სამზარეულოში გვაბრუნებს და ყურადღებას კედელზე ამოტვიფრულ ტელეფონის ნომერზე გვამახვილებინებს.დეტექტივი თვლიდა,რომ ამის უკან პოლიციელები იმალებონენ და სწორედ ერთ–ერთ მათგანმა მიაწერა ეს ნომერი კედელზე.პრაქტიკულად საქმე გვქონდა სიყალბესთან.
დეტექტივი საქმეში ბოლომდე ჩაერთო და მისთვის საკმაოდ უცნაური დეტალები გახდა ცნობილი.როცა ჰაუპტმანის ამოსაცნობად კონდონი მიიყვანეს,"ჯაფსიმ" აუღელვებლად განაცხადა,რომ ჰაუპტმანი სწორედ ის "ჯონი" იყო,რომელიც სასაფლაოზე გამტაცებლის როლში ხვდებოდა.ამ ამოცნობამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიციამ კონდონი ციხეში მიიყვანა სადაც ჰაუპტმანი ჰყავდათ.კონდონს კარგად უნდა დაეთვალიერებინა რიჩარდი(ამ დროს ის ციხის ეზოში სეირნობდა და მალე მიიყვანდნენ იქ სადაც კონდონი იყო "ჩასაფრებული"),რათა ოფიციალურ ამოცნობაზე ხელი სწორედ მასზე დაედო."დათვალიერების" დროს საკმაოდ უცნაური ფაქტი მოხდა,კონდონი სულ სხვა ადამიანს მკაცრი ტონით მიმართავს(რომელიც ჰაუპტმანი ეგონა) :"არ გეგონათ,რომ ასეთ ადგილას შევხვდებოდით!",ადრესატი გაკვირვებული დარჩა... შემდეგ აღმოჩნდა,რომ ეს ადამიანი ჰაუპტმანი არ იყო და კონდონი სულ სხვა ადამიანს მიმართავდა.ამ "იაღლიშის" მიუხედავად კონდონმა ამოცნობაზე მაინც ჰაუპტმანს დაადო ხელი და განაცხადა,რომ ის იყო "ჯონი"...

ელისს პარკერი მორიგი აღმოჩენა სხვენში ნაპოვნ კომპრომატებს უკავშირდება.დეტექტივისათვის ცნობილი გახდა,რომ ლიუის ბორმანი მიერ გაკეთებულ აღმოჩენამდე სხვენი გამომძიებლებმა 19_ჯერ დაათვალიერეს და არავის შეუმჩნევია რაიმე საეჭვო.შემდეგ სხვენში ადის ბორმანი და ნახავს ზევით ნახსენებ კომპრომატს.
პარკერს აქ სცემს პოლიციის მიერ ჩადენილი სიყალბის "სუნი",ის უკავშირდება ნიუ ჯერსის პოლიციის თანამშრომელ ერასტუს ჰადსონს(ამ ადამიანმა 1932 წელს პირველმა შეისწავლა ჰოუპველში აღმოჩენილი კიბე).ჰადსონმა ელისს განუცხადა,რომ სხვადასხვა სახის საგამოძიებო პროცესებისათვის დამზადდა კიბის ოთხი ზუსტი ასლი და საერთოდ რთული იყო იმის მტკიცება,რომ კიბე რომელის სასამრთლოში წარსადგენად მზადდებოდა ჰოუპველის ინციდენტის "მონაწილე" იყო.

დეტექტივი კრიტიკულად მიუდგა ბავშვის ოთახში მომხდარ სიტუაციას.ბავშვის გატაცების ცნობის მიღების შემდეგ ენი მოროუ და ბეტი გოუ ათვალიერებენ ბავშვის ოთახს,თუმცა პოლიციამ მათი თითის ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინა.რჩება შთაბეჭდილება,რომ პოლიციის მოსვლამდე ბავშვის ოთახი ვიღაცამ საგულდაგულოდ დაალაგა და თითქმის ყველა ნაკვალევი გააქრო.ეს აღმოჩენა ამყარებდა ვერსიას,თითქოს გამტაცებლებს ლინდბერგების სახლში მოკავშირე უმაგრებდა ზურგს.
კრიტიკის ქარცეცხლი ასევე ფანჯრის რაფაზე აღმოჩენილმა კონვერტმაც იწვნია.ელისს პარკერი პირდაპირ ამბობდა,რომ გამტაცებლები კონვერტს ფანჯარაზე არ დატოვებდნენ(დიდი იყო რისკი ორპირ ქარში მისი დაკარგვისა) და ყველაზე ლოგიკური იქნებოდა წერილის ბავშვის საწოლში მოთავსება.ბეტი გოუ და ენი მოროუ როგორც ვთქვი ოთახში პირველები შევიდნენ და მათ ვერანაირი კონვერტი ვერ შეამჩნიეს,შემდეგ მცირე ხნით ოთახში ჩარლზ ლინდბერგი შედის და კონვერტს სწორედ ის აღმოაჩენს.საეჭვო იყო თუ რატომ დაუცადა პოლიციას ლინდბერგმა და მანამდე არ გახსნა კონვერტი,რთულია ასეთ დროს მშობელმა უმოქმედოდ უყუროს კონვერტს და არ დაინტერესდეს შიგთავსით.

ელისს პარკერის მიერ მოგროვებულმა ცნობებმა ჟურნალისტების ყურადღებაც მიიქცია და რამდენიმე გაზეთში გაიჟღერა პოლიციის საეჭვო საქმიანობის შესახებ ცნობები.ამ ცნობების გამოქვეყნებას მრავალი ფურცელი დაუთმო "ნიუ იორკ ჟორნელმა,ასევე ამ გამომცემლობამ გადაწყიტა ჰაუპტმანისათვის დაექირავებინა(ყველა ხარჯს გამომცემლობა ფარავდა) ცნობილი ადვოკატი ედვარდ რეილი.გაზეთისათვის ეს თვითრეკლამის საშუალება იყო,ხოლო ჰაუპტმანისათვის ფუფუნება(რეილი ძვირადღირებულ ადვოკატად ითვლებოდა და მისი გასამრჯელო 10000-25000 $ მერყეობდა).გარდა რეილისა,ჰაუპტმანს სასამართლოზე დაიცავდნენ ადვოკატი ფლემინგტონი და ლოიდ ფიშერი.

რეილი,ფლემინგტონი,ჰაუპტმანი და ფიშერი

სასამართლო პროცესი 1935 წის 2 იანვარს დაიწყო.ბრალმდებელს მხარეს წარმოადგენდა პროკურორთა ჯგუფი ლენიგანის,ჰაუქის,პიკოკისა და ლარგას შემადგენლობით,მათ ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი დევიდ ვილენცი.მოსამართლის მანტიით სასამართლოს დარბაზში ტრენჩარდი იჯდა.



3-4 იანვარს სასამართლომ გამოიძახა ჩარლზ ლინდბერგი.მან დეტალურად აღწერა თუ როგორ ატარებდა 1932 წლის 1 მარტს,განსაკუთრებით მნიშვნელობა ჰქონდა მოვლენებს 20:00–22:00 საათებს შორის.
ლინდბერგის განცხადებით ის 21:00–21:30 შუალედში იმყოფებოდა ბიბლიოთეკაში,რომელიც პირველ სართულზე იყო და ბავშვის ოთახისგან ჭერი ყოფდა.ამ დროისათვის ბიბლიოთეკა განათებული იყო,ფარდები გადწეული ჰქონდათ და ფანჯრებიდან კარგად მოჩანდა ეზო.ასეთ ვითარებაში წამოუდგენელი იყო გამტაცებლებს გაერისკათ და განათებული ფანჯრების წინ ასეთი სარისკო საქმე "გაეჩარხათ".
მომხსენებელი ჩვენების მიცემას აგრძელებდა,ის ამბობს,რომ 21:15 წუთზე გაიგო რაღაცის საეჭვო ხმა.რაც შეეხება კიბეს,თავდაპირველად გავრცელდა ვერსია რომელიც იუწყებოდა,რომ კიბე იპოვა ლინდბერგმა სახლიდან რამდენიმე მეტრში,თუმცა სასამართლო პროცესზე თავდაპირველი ჩვენება შეცვალა და კიბის მპოვნელად პოლიციის დეტექტივი უოლში დაასახელა(სასამართლო პროცესზე, არცერთ მხარე ჩვენების შეცვლის გამო პროტესტი არ გამოუხატავს).

ჩარლზ ლინდბერგი სასამართლოს დერეფანში

ჩარლზ ლინდბერგის ჩვენება მეორე დღესაც გაგრძელდა და კიდევ დაფიქსირდა თავდაპირველი ჩვენების შეცვლის მაგალითები.ლინდბერგმა ამტკიცებდა,რომ ბავშვის ოთახში შესვლისას იატაკაზე აღმოაჩინა ტალახის ლაქა,რომელიც ფეხის ნაკვალევი აღმოჩნდა.მსგავსი ნაკვალევი აღმოაჩინა ასევე ფანჯრის რაფაზეც.ეს განცხადება სიცრუე იყო და ისევ არანაირი პროტესტი არ მოჰყოლია ლინდბერგის ამ სიყალბეს.იქმნება შთაბეჭდილება,რომ სასამართლო პროცესი დადგმული სპექტაკლი იყო და მისი სცენარი მხარეებისათვის(გარდა ჰაუპტმანისა) ცნობილი იყო.
ამ ეჭვს ამძაფრებს ჰაუპტმანის ადვოკატთა გამიზნული გულგრილობა,ადვოკატი რეილი კი შორს წავიდა და სასამართლო სხდომებს შორის პაუზებს ვისკის სმისთვის იყენებდა და რამდენჯერმე შესამჩნევიც კი გახდა მისი სიმთვრალე.

ჩარლზ ლინდბერგის ჩვენებების შემდეგ "აშშ_ს სიამაყემ" ადგილი ბეტი გოუს დაუთმო,რომელმაც გააგრძელა ჩვენებების შეცვლა და სიყალბის "სუნი" უფრო გაამძაფრა.
1932 წელს აღმოჩენილი გვამზე დაკვირვებამ ცხადყო,რომ გარდაცვლილი ბავშვის სიმაღლე 82,5 სმ იყო,რაც 10 სმ_ით მეტი იყო ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის სიმაღლესთან შედარებით(ჩარლზ ლინდბერგი და ენი მოროუს ჩვენების მიხდვით ბავშვის სიმაღლე შეადგენდა 72,5 სმ_ს).ბეტი გოუ კი შეუდგა იმის მტკიცებას,რომ პატარა ჩარლზის სიმაღლე იყო არა 72,5 სმ,არამედ 82,5 სმ.ამ უკუღმართ ჩვენებას ისევ სიჩუმე მოჰყვა და პროტესტის გრძნობა ისევ არ გაჩნდა(ამით სასამართლომ სცადა აუტოპსიის დასკვნის "გათეთრება").


მეორე ნაწილის დასასრული





ჩარლზ ლინდბერგ უმცროსი



Комментариев нет:

Отправить комментарий