24.10.2011

Andwella


რამდენიმე დღის წინ ჩემი შელახული PC ”ხომალდით” ჩვეულებრივ შევცურე მუსიკალურ ვიდეორგოლთა უსაზღვრო ოკეანეში,ყურის ლოკოკინის გზებს ვავსებდი ბაროკო-როკის(როკის ერთ-ერთი ქვეკატეგორია) ჰანგებით და ამ დროს თვალთახედვის არეში გამოჩნდა ბოთლი გახუნებული საცობით.მალევე ჭურჭელი ”ბორტზე” მოთავსებულ მაგიდაზე ესვენა,მალევე შევახე ხელი საცობს,მოქაჩვა და ”ჯინის” ამოფრქვევა ერთი იყო.ეს იყო ”ჯინი”,სახელად Andwella.

 ამ ჩრდილო ირლანდიური ჯგუფის შესახებ ალბათ მხოლოდ ერთეულებს თუ სმენიათ.კოლექტივი მეოცე საუკუნის 60_იან წლებში შეიქმნა ბელფასტში,თავდაპირველად ტრიოს სახით,თუმცა მათი მოღვაწეობის საწყისი პერიოდის შესახებ თითქმის არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება.ჯგუფის თავდაპირველი სახელია Andwella’s Dream.ჯგუფის ლიდერად მოგვევლინა გიტარისტი და ვოკალისტი დეივ ლუისი(დეივმა 1970 წელს სოლო ალბომი გამოუშვა-”Songs Of Dave Lewis”,რომელიც ულტრარარიტეტულად ითვლება,რადგან მისი ტირაჟი,მხოლოდ 50 ეგზემპლარით შემოიფარგლა).
1969 წელს დღის სინათლე იხილა ჯგუფის პირველმა ალბომმა “Love & Poetry”,რომელმაც ჯგუფი ცნობადი გახადა.ამ ალბომში შესულ მუსიკალურ ნაწარმოებთა უმეტესობა სტილით ფსიქოდელიურ როკისკენ იხრება და მუსიკის კრიტიკოსთა მიერ ზეპოზიტიურად იქნა შეფასებული.


წარმატებული დებიუტის შემდეგ ჯგუფი ლონდონს მიემგზვრება და იკვეცება მათი სახელიც,”ოცნება” ქრება და რჩება მხოლოდ Andwella.

მიუხედავად ცვლილებებისა და შემდგომი ორი ალბომისა,ჯგუფის პირველადი წარმატება წარუმატებლობამ შეცვალა.
მიუხედავად ამ რეგრესისა,მეორე("Worlds End") და მესამე("People’s People") ალბომები დახუნძლულია გენიალური ნამუშევრებით და მათი მოსმენა მელომანებს დღესაც არ დაუტოვებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობას.



ყველა ისტორიას დასასრული აქვს და მესამე ალბომიც Andwella_ს შემოქმედების ბოლო აკორდი აღმოჩნდა,გადაიფურცლა ბოლო ფურცელიც და ეს გენიალური ჯგუფი დავიწყებას მიეცა.თუმცა წლებმა მათი ნაწამოებები ვერ გაახუნა,ჰარმონიულ ჟღერადობას ვერ გაუჩინა ბზარი.მე ერთს ვიტყვი-მოუსმინეთ,ისიამოვნეთ და შეაფასეთ სულ რამდენიმე სიტყვით.
მე კი უკვე შევაფასე,როცა ჩემს ფბ_ს Arts and Entertainment განყოფილების,Music ქვეგანყოფილებაში საწყის ხუთეულში მივუჩინე ადგილი.














Комментариев нет:

Отправить комментарий