31.03.2011

შენ ნაპოლეონი ხარ?


სიტყვა "ოდეკოლონი" არაერთ ადამიანში უარყოფით ასოაციაციას იწვევს.ბევრს ახსენდება,რომ საბჭოთა პერიოდში და 90_იანებშიც საბჭოთა ცისქვეშეთში საკმაოდ პოპულარული იყო ე.წ "ტრაინოი ოდეკოლონი" თავისი მკვეთრი არომატით.არაერთი მამაკაცი "სუნამოს" იპკურებდა სახეზე თუ ტანზე "სასიამოვნო" არომატის გამო,ზოგიერთი წვერის გაპარსვის შემდგომ ბალზამის როლში იყენებდა.თუმცა ეს არაფერია–მთავარი უცნაურობა ის იყო,რომ არაერთი ლოთი "ტრაინოი ოდეკოლონით" ყელს ისველებდა და მორიგი ალკოჰოლური ნირვანასთვის ემზადებოდა... დაბანებოთ თავი საბჭოთა "ტრაინოის" და გადავიდეთ უშუალოდ Eau De Cologne_ზე...

დიახ, ოდეკოლონის ორიგინალური სახელია Eau De Cologne ანუ "კიოლნის წყალი",რომელიც 1709 წელს შექმნა იტალიელმა პარფიუმერმა ჯოვანი მარია ფარინამ თავის მანუფაქტურაში,რომელიც მდებარეობდა გერმანიაში,ქალაქ კიოლნში.
ჯოვანის მამაც პარფიუმერიით იყო დაინტერესებული და სწორედ მისგან გადმოეცა ეს ინტერესი და რეცეპტი არომატული წყლისა.ჯოვანიმ ანდერძის სახით მიღებულ რეცეპტს დაუმატა სხვადასხვა არომატული ინგრედიენტი(ლიმონი,ფორთოხალი,გრეიფრუტი და სხვადასხვა მცენარე) და ეთერზეთები,მიღებულ ნარევს დაუმატა სპირტი.შედეგით კმაყოფილი დარჩა,სახელიც მალე შეურჩია მიღებულ სურნელოვან წყალს.ასე გამოჩნდა კიოლნში ფლაკონები, წარწერით–Eau De Cologne.

კმაყოფილი ჯოვანი თავის ძმას წერდა:"ჩემს მიერ შექმნილი სურნელი იტალიურ დილას მახსენებს,დილას წვიმის შემდგომ".

დრო გადიოდა,თუმცა ოდეკოლონი მხოლოდ კიოლნში იყო პოპულარული.1756 წელს ევროპა შვიდწლიანმა ომმა მოიცვა და კიოლნში ფრანგი სამხედროები შევიდნენ.მალევე გაიგეს ფრანგებმა ფარინას სურნელის შესახებ და ახალი სურნელის "ტყვეებაში" აღმოჩნდნენ.გავიდა ხანი და ფრანგმა ჯარისკაცებმა ოდეკოლონი მშობლიურ საფრანგეთში გაიყოლეს... რამდენიმე წლის შემდეგ ფრანგ მამაკაცებში(იშვიათად ქალებშიც) დიდი პოპულარობით სარგებლობდა "კიოლნის წყალი".


მრავალი ცნობილი ადამიანი მოიხმარდა ოდეკოლონს,თუმცა აღნიშნვის ღირსია დიდი ნაპოლეონ ბონაპარტი,რომელიც თვეში დაახლოებით 50–60 ფლაკონ ოდეკოლონს მოიხმარდა.იმპერატორი,გარდა ჩვეულებრივი დანიშნულებისა სხვა მიზნითად გამოიყენებდა მას,ის ამბობდა,რომ ოდეკოლონი ხელს უწყობს გონების "ნათებას".ნაპოლეონი ოდეკოლონს გამოიყენებდა პირის ღრუში სავლებად,ამატებდა შაქარს და ასეთი შაქრით მიირთმევდა ჩაის,სვამდა კიდეც... ზემოთ თქმულმა "ტრაინოი" ლოთებმა ალბათ არ იცოდნენ,რომ ოდეკოლონს თვით ნაპოლეონიც რომ ისხამდა პირში. რა საამაყო ექნებოდათ "ბელაია გარიაჩკის" პოტენციურ მსხვერპლთ...:D თუმცა მათ პირის ღრუს ფარინას Eau De Cologne არც ღირსებია..:D

ასე,რომ ვისაც გინდათ თავი იგრძნოთ ნაპოლეონად(ნამცხვარს არ ვგულისხმობ) და ახალი ძალით შეუტიოთ ვატერლოოს,აიღეთ ოდეკოლონი(სავალდებულო არაა ფარინას ორიგინალი,"ტრაინოიც" გამოდგება),მიიტანეთ ტუჩებთან,ხელის ვერტიკალური სვლით საყლაპავი მილის მიმართულებით გაუშვით სითხე... წამის შემდეგ თვალი დახუჭეთ და წარმოიდგინეთ უტევთ მოსკოვს ან თუნდაც ეგვიპტეს... და დაიყვირეთ "მე ნაპოლეონი ვააარ!"
(შეიძლება აღმოჩნდეთ საავადმყოფოს პალატაში ან ფსიქიატრიულ სამკურნალო დაწესებულებაში.ამიტომ არ განახორციელოთ რეალობაში!)




Комментариев нет:

Отправить комментарий