28.06.2011

"731 სისხლიანი საკურა"


იაპონიის მიმართ ჩინეთს,ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს,ყოველივე კი ამომავალი მზის ქვეყანაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამეფებული დაუსჯელობის სინდრომით იყო გამოწვეული.სამხედრო დამნაშავეები დაუსჯელად დაიარებოდნენ იაპონიურ მიწაზე და ზოგიერთ მათგანს საკმაოდ საპატიო თანამდებაც ეკავა.განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა სისასტიკითა და არაჰუმანურობით ცნობილი "731-ე შენაერთის",რომლის წევრებმაც ისეთი დანაშაული ჩაიდინეს,რომლის მცირე ნაწილის შესახებ ცნობებიც კი თმას ყალყზე აყენებს.

ნაწყვეტი იაპონელი ექიმის კენ იასას ინტერვიუდან,რომელიც გაზეთ "ნიუ იორკ თაიმსში" დაიბეჭდა: "მე მახსოვს როგორ მიმიწვიეს ქირურგიულ პრაქტიკაზე შანსის პროვინციის(ჩინეთის ნაწილი,მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იაპონელების მიერ იქნა ოკუპირებული) ერთ–ერთ ქალაქში.მე და ჩემი კოლეგები რამდენიმე საათის განმავლობაში ვატარებდით სხვადასხვა ოპერაციებს(ბრმა ნაწლავის ოპერაცია,კიდურების ამპუტაცია) ორ ცოცხლალ ჩინელზე.მათ ჰუმანურად მოვექეცით და ანესთეზია გავუკეთეთ"... ინტერვიუს ბოლოს იასა ამბობს,რომ აღნიშნული სახის "ჰუმანური" ოპერაციები საკმაოდ ხშირი იყო და არაერთ იაპონელ ექიმს მიუღია მასში მონაწილეობა.
თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მომავალი ექიმები ქირურგიული საქმის დახვეწას გვამების გამოყენებით ახდენდნენ,იაპონიაში ყოველივე ეს ცოცხალ ადამიანებზე განხორციელებული სისასტიკით იხვეწებოდა და საკვირველი ისაა,რომ ამის გამო ექიმთა 99%_ს სინდისი არ აწუხებდა.

თუმცა ამ საქმეში იაპონელი ექიმები მარტო არ იყვნენ,სწორედ ამ დროს საქმიანობდა "სიკვდილის ანგელოზი",გერმანელი ექიმი იოზეფ მენგელე,რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებში ათასგვარ ცდას ატარებდა და გერმანულ მედიცინას ხვეწდა.მაგრამ "731-ე შენაერთი"_ს ცდები უფრო მრავალფეროვანი იყო და მათთვის ყოველივე ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა,სასწორზე ხომ "იმპერატორის გამარჯვება" იდო...

1926 წელს იაპონიის იმპერატორი ხდება ჰიროჰიტო,რომელმაც თავისი მმართველობის ჟამს "სიოვა" ანუ  "განათლებული სამყაროს ეპოქა" უწოდა. ჰიროჰიტო მეცნიერების ძალაში დარწმუნებული იყო და ამბობდა: "რელიგიის სახელით დაიღუპა უფრო მეტი ადამიანი,ვიდრე სხვა მიზეზით.მაგრამ მეცნიერება ყოველთვის მკვლელთა ახლო მეგობარი იყო.მეცნიერებას შეუძლია იმსხვეპლოს ათასობით,მილიონობით ადამიანი მცირე დროის განმავლობაში".
იმპერატორი ყოველივე ამას ჰაერზე არ ამბობდა,ის განათლებით ბიოლოგი იყო.ის თვლიდა,რომ ბიოლოგიური იარაღი იაპონიას მსოფლიოს დაპყრობაში დაეხმარებოდა და ამატერესუს(ქალღმერთი,რომელიც სინტოს პანთეონში მოწინავე ღმერთად ითვლებოდა) მსოფლიოს ქალღმერთად აქცევდა.
იმპერატორის გამონათქვამებმა მალევე ჰპოვა გამოძახილი და იაპონიის არმიის მარალჩინოსნებმა დასახეს გზები ბიოლოგიური იარაღის შექმნისათვის.არაერთი სამხედრო ხელმძღვანელი მიიჩნევდა,რომ სამურაის სულისკვეთებითა და ჩვეულებრივი შეიარაღებით იაპონია დასავლეთ სამყაროს წინააღმდეგ ვერაფერს გახდებოდა.ბიოლოგიური იარაღის შექმნისათვის საჭირო იყო იაპონელი სამხედრო ექიმების ვოიაჟი ევროპული ქვეყნების ბაქტეროლოგიურ ლაბორატორიებში,ამ მიზნით შეარჩიეს პოლკოვნიკი და მიკრობიოლოგი სირო ისიი.შემდეგ ეტაპზე დაგეგმეს ისიის ვიზიტი იტალიის,გერმანიის,საბჭოთა კავშირისა და საფრანგეთის ლაბორატორიებში.სირო ისიის მოგზაურობა დაიწყო მეოცე საუკუნის 30_იანი წლების დასაწყისში და რამდენიმე თვეში დასრულდა მოხსენებით,სადაც ბილოგი საუბრობდა ბიოლოგიური იარაღის შექმნის აუცილებლობაზე.


ნაწვეტი სირო ისიის მოხსენებიდან:
"არტილერიისგან განსხავებით ბიოლოგიური იარაღი მომენტალური მოკვდინების ეფექტით არ გამოირჩევა,მაგრამ ეს ბაქტერიებით სავსე აუფეთქებელი ნაღმები ხმაურის გარეშე აღწევს ადამიანის ორგანიზმში,ანგრევს მას,იწვევს ენით აუღწერელ ტკივილს და ნელ სიკვდილს.ნაღმების წარმოება არაა აუცილებელი,იარაღად გამოდგება ნებისმიერი რამ–საკვები,კოსმეტიკა,ტანსაცმელი,ცხოველები,ჰაერი;მთავარია საქმეში ბაქტერიები ჩავრთოთ და შედეგიც იქნება". 


სირო ისიი

სირო ისიის მოხსენებამ მოხიბლა სამხედრო ხელმძღვანელობა და მალევე გამოიღო თანხები ლაბორატორიების შესაქმნელად,ასევე შეიქმნა სპეციალური საიდუმლო შენაერთი,რომელიც ბოლოგიური იარაღის შექმნაზე იმუშავებდა.სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა ავადსახსენებელი "731-ე შენაერთი".


1932 წელს შეიქმნა "731-ე შენაერთი",რომელიც განთავსდა ოკუპირებული მაანჯურიის(მანჯურია–ჩინეთის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთის ისტორიული სახელწოდება,რომელიც 1932 წელს ოკუპირებულ იქნა იაპონიის მიერ და ამავე წელს შეიმნა მარიონეტული მანჯურიის იმპერია,რომლის იმპერატორად დანიშნეს ცინების დინასტიის უკანასკნელი იმპერატორი პუ ი.მარიონეტულმა იმპერიამ 1945 წლის 19 აგვისტომდე იარსება.1945 წლის 8 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა იაპონიას ომი გამოუცხადა და რამდენიმე დღის შემდეგ მანჯურიის მარიონეტული იმპერიის ტერიტორია დაიკავა.იმპერატორი პუ ი შეიპყრეს და გადასცეს ჩინეთის ხელისუფლებას,ხოლო მანჯურია ჩინეთის შემადგენლობაში 1949 წელს შევიდა) ტერიტორიაზე ქალაქ ხარბინის სიახლოვეს,სოფელ პინფანში.შენაერთის ხელმძღვანელად დაინიშნა სირო ისიი,რომელსაც დაუქვემდებარეს სამი ათასი სამხედრო.შენაერთის განსათავსებლად პინფანში გადაწვეს 300 ჩინელის საცხოვრებელი და დაიწყო კომპლექსის მშენებლობა.6 კვ.კმ ფართობზე აშენდა დაახლოებით 150 შენობა.
გარეშე პირთათვის ეს კომპლექსი ცნობილი იყო როგორც, კვანტუნის(მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის არმიის ელიტარული სახმელეთო ნაწილი) არმიის წყლით მომარაგების მთავარი სამმართველო.ასეთი შენიღბვის წყალობით წლების მანძილზე უცნობი იყო თუ რა ხდებოდა პინფანში განთავსებულ კომპლექსში.
"731-ე შენაერთში" იყო ყველა პირობა ავტონომიური არსებობისათვის:ორი ელექტროსადგური,წყალსაქაჩი სისტემა,აეროდრომი,რკინიგზის ხაზი,საჰაერო თავდაცვის სისტემა და რამდენიმე ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავი.


"731-ე შენაერთი" ოკუპირებული მანჯურიის ტერიტორიაზე რამდენიმე მიზეზის გამო განთავსდა.პირველი–ადვილი იყო შენაერთის გასაიდუმლოება,იაპონიის ტერიტორიაზე განთავსებისას საიდუმლოს ამოხსნის რისკი მეტი იყო.მეორე–ცდებისას ბაქტერიების ჰაერში მოხვედრა დააზარალებდა ჩინელებს და არა იაპონელებს,მესამე–მანჯურია სავსე იყო "მორებით"... მოვლენებს წინ გავასწრებ და გეტყვით,რომ "731-ე შენაერთის" წევრები ჩინელებს,მონღოლებსა და რუსებს "მორებს" უწოდებედნენ და ბიოლოგიური იარაღის შექმნისას ცდებს "მორებზე" ატარებდნენ.

შენაერთის სტრუქტურა:
  • კასაჰარის ჯგუფი – ვირუსოლოგია;
  • ტანაკას ჯგუფი – მწერების გამოკვლევა;
  • ტაკაჰასის ჯგუფი – შავი ჭირის გამოკვლევა;
  • იოსიმურას ჯგუფი – ცდები მომწამლველ აირებზე,დაბალი ტემპერატურის პირობებში ადამიანთა სხეულის ცვლილებებზე დაკვირვება;
  • ოოტის ჯგუფი – დიზენტერიის გამოკვლევა;
  • მინატოს ჯგუფი – ქოლერის გამოკლვლევა;
  • ოკამაოტოს ჯგუფი – პათოგენეზის(ავადმყოფობის წარმოშობისადა განვითარების თანმიმდევრობა) გამოკვლევა;
  • ტანაბეს ჯგუფი – ტიფის გამოკვლევა;
  • ფუტაკის ჯგუფი – ტუბერკულოზის გამოკვლევა;
  • კუსამის ჯგუფი – ფარმაკოლოგიური გამოკვლევები;
  • არიტას ჯგუფი – რენტგენის გადაღებები;
  • უტიმას ჯგუფა –  სისხლის პლაზმის გამოკვლევა;
  • ნოგუტის ჯგუფი – რიკეტსიური დაავადებების გამოკვლევა;
  • იაგისავას ჯგუფი – მცენარეების გამოკვლევა;
  • იაკენარის ჯგუფი – ბაქტერიოლოგიური ნაღმების შექმნა;
  • კარასავის ჯგუფი – ბაქტერიების შექმნა;
  • აციჰინის ჯგუფი – პარტახტიანი ტიფის გამოკვლევა და ვაქცინის შექმნა.
პინფანის კომპლექსში "მორები" უწყვეტი ნაკადით მიედინებოდნენ და თანდათან იზრდებოდა შენაერთის "მიღწევები".იაპონიის არმიის სამხედროები დროის მცირე შუალედში რეიდებს ახორციელებდნენ,აპატიმრებდნენ ახალგაზარდა ჩინელებს,მონღოლებსა და რუსებს(ჰარბინში იმ დროისათვის არაერთი რუსი ცხოვრობდა,რომლებიც საბჭოთა რეჟიმს გამოექცნენ),შემდეგ კი "731-ე შენაერთში" გზავნიდნენ.
შენაერთის დისლოკაციის ადგილზე იყო ციხე,რომლის საკნები ყოველთვის სავსე იყო პოტენციური "მორებით".პატიმრები ვერც კი წარმოიდგენდნენ წინ რა საშინელება ელოდათ.თავდაპირველად მათ საკვებს არ აკლებდნენ,ყოველივე ეს კი პატიმრებს იმედს აძლევდა,მხოლოდ ზოგიერთი მათგანი ელოდა საშინელებას,რომელიც გამართლდა.
სამჯერადი კვების მიღმა სულ სხვა რამ იმალებოდა,ისინი ხომ საცდელი "თაგვები" იყვნენ და აუცილებელი იყო მათი ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობდა.

ნაწყვეტები "731-ე შენაერთის" წევრთა განცხადებებიდან:

"ჩვენ ვთვლიდით,რომ "მორები" არ არიან ადამიანები,ისინი პირუტყვებზე დაბალ საფეხურზე იმყოფებიან.შენაერთში ვერ იპოვიდით წევრს,რომელიც "მორების" ტკივილს იზიარებდა,ჩვენ მათზე ცდების ჩატარებას აუცილებლობად ვთვლიდით და სწორედ ეს იყო ჩვენი საქმიანობა".

"ისინი ჩემთვის "მორები" იყვენენ."მორებს" ადამიანად ვერ ჩავთვლით.ისინი აქამდეც მკვდრები იყვნენ და ახლა მეორეჯერ კვდებიან,ჩვენ მხოლოდ სასიკვდილო განაჩენი შეგვყავს ძალაში".



"მორებით" მომარაგებული შენაერთი უკვე მზად იყო თავისი ძირითადი მოვალეობის შესასრულებლად.სწორედ ამ მომენტიდან იწყება კაცობრიობის ისტორიის ერთ–ერთი უსასტიკესი ფურცლის წერა.შენაერთის სტრუქტურაში შემავალი ჯგუფების საქმიანობა სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ვირუსისა და ბაქტერიის გამოკვლევა იყო.კვლევები წარმატებით მიმდინარეობდა და ეს წარმატება ადამიანებზე განხორციელებული ცდებით იქნა მიღწეული.
განვიხილოთ ადამიანებზე ჩატარებული ცდების რამდენიმე შემთხვევა.შენაერთის ტერიტორიაზე ერთ–ერთ შენობაში ჰქონდათ პატარა ზომის გალიები."მორებს" აავადებდნენ სხვადახვა დაავადებით,ათავსებდნენ(უფრო სწორად ტენიდნენ) გალიებში და აკვირდებოდნენ თუ როგორ იცვლებოდა ადამიანის ორგანიზმი.ასევე ჰქონდათ დიდი ზომის გალიები,სადაც ერთდროულად ათავსებდნენ ჯანმრთელ და დაავადებულ ადამიანს,აკვირდებოდნენ თუ რამდენ ხანში დასნებოვნდებოდა ჯანმრთელი ადამიანი.განსაკუთრებულ ამაზრზენ ცდებს ჰქონდა ადგილი ე.წ. საოპერაციოში,მაგიდაზე აწვენდნენ ადამიანს,ცოცხლად კვეთდნენ მას(იშვიათ შემთხვევაში ანესთეზიით) და გულ–მკერდ გადახსნილ,მუცელგაფატრულ ადამიანს აკვიდრებოდნენ,სწავლობდნენ სხვადასხვა ორგანოს მუშაობას.საოპერაციო მაგიდაზე და გალიებში მოთავსებული ადამიანების სიცოცხლე იქვე სრულდებოდა.
შედარებით უფრო გაუმართლათ ადამიანებს,რომლებიც მომწამლველი აირების კვლევისას "მორების" როლში იყვნენ.ისინი შედარებით სწრაფად ასრულებდნენ სიცოცხლეს და ისეთ ტკივილს არ განიცდიდნენ.თუმცა ეს შენაერთის წევრთა დანაშაულის სიმძიმეს წონას არ აკლებს.

ნაწყვეტი შენაერთის ერთ–ერთი წევრის ჩანაწერებიდან:
"ციანიდით მოწამლულ "მორებს" სახეზე მოწითალო ელფერი დაჰკრავდა,ხოლო იფრიტით მოკვდინებულს მთელი სხეული წყლულებით ჰქონდა სავსე.ჩვენმა ცდებმა დაადგინა,რომ მსგავს პირობებში ადამიანის გამძლეობა მტრედის გამძლეობის ტოლია.პირობებში როცა მტრედი იღუპება,ადამიანიც კვდება".

ცდები პინფანის კომპლექსის გარეთაც ტარდებოდა.საბჭოთა კავშირის საზღვრის სიახლოვეს შეირჩა გაუდაბნოებული ტერიტორია,სადაც დაიგეგმა ბაქტერიოლოგიური შიგთავსით სავსე კერამიკული ნაღმების გამოცდა.საცდელი პოლიგონის ცენტრში აღმართეს 50მდე ჯვრის ფორმის ხის დგარი,რომელზეც აკრავდნენ ადამიანებს."მორებს" სახეზე აფარებდნენ სპეციალურ დამცავს,რომელსაც მისი სხეულის ზედა ნაწილი უნდა დაეცვა,ხოლო წელს ქვევით შიშველს ტოვებდნენ.ამის შემდეგ საქმეში ერთვებოდა რამდენიმე ბომბდამშენი.რომელიც აგდებდა კერამიკულ ნაღმს.ნაღმი მიწაზე დაცემისას ტყდებოდა,შიგთავსი გამოთავისუფლდებოდა და ასობით შავი ჭირის მატარებელი რწყილი დგარებზე გაკრული ადამიანებისკენ მიისწრაფოდა.რამდენიმე საათის შემდეგ სპეციალურ დამცავ კომბინიზონში გამოწყობილი "731-ე შენაერთის" წევრები დგარებიდან ხსნიდნენ ადამიანებს და პინფანის კომპლექსში გადაჰყავდათ.
მსგავსი ექსპერიმენტები მრავლად ჩატარდა და ფიასკო მხოლოდ ერთხელ განიცადა.ერთ დღეს დგარებზე გააკვრეს 40 ადამიანი,ტერიტორია დატოვეს და ბომდამშენების საქმეში ჩართვამდე მცირე ხანი რჩებოდა.ამ დროს ერთ–ერთი დგარზე გაკრული ხელებს იხსნის და სხვებს ეხმარება,მცირე დროის შემდეგ შენაერთის წევრმა ბინოკლით შეამჩნია ყოველივე ეს და განგაში ატყდა.ამ დროს უკვე ყველა "მორი" თავისუფალი იყო და გასაქცევ გზის ძიებაში ქაოსურად დარბოდნენ.თუმცა სამშვიდობის პოვნა გართულა,რადგან ტერიტორია გაუდაბნოებული იყო და ხეც კი არსად ჩანდა.მცირე განგაშის შემდეგ შენაერთის რამდენიმე წევრი მანქანებში ჩაჯდა და გაქცეულთა ნაწილი მანქანით გაიტანეს,ნაწილი კი ცოცხლად შეიპყრეს.

კერამიკული ნაღმების შექმნას იაპონელმა სამხედროებმა წარმატებული უწოდეს და რამდენჯერმე გამოიყენეს ჩინელების წინააღმდეგ.შავი ჭირის მატარებელი რწყილებითა და ბუზებით სავსე კერამიკული ნაღმები ჩამოაგდეს რამდენიმე ჩინური დასახლების ტერიტორიაზე,რასაც დროთა განმავლობაში 200 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ჩინელების წინააღმდეგ ბრძოლაში ასევე გამოიყენებოდა ტიფის შტამები.შენაერთის წევრებმა მოაწყვეს ჩინელ პარტიზანების წინააღმდეგ მოაწყვეს დივერსია,მათი წყალმომარაგების სისტემა ტიფის ბაქტერიებით აავსეს.შედეგად არაერთი ჩინელი პარტიზანმა ტიფის კლანჭებში დალია სული.

იაპონიის ხელმძღვანელობა დარწმუნდა "731-ე შენაერთის" წარმატებულ საქმიანობაში.დაიწყო დაგეგმვა გლობალური საბრძოლო ღონისძიებებებისა,რომლის არსიც იყო ბიოლოგიური იარაღის საბჭოთა კავშირისა და აშშ–ს წინააღმდეგ.შენაერთის წევრების განცხადაბები გლობალური ოპერაციების დაგეგმის საშუალებას იძლეოდა,მათი განცხადებით "731-ე შენაერთის" ბაქტერიების მარაგი კაცობრიობის განადგურებისთვისაც კი საკმარისი იყო.
1944 წელს დაიგეგმა ოპერაცია "ალუბალი ყვავილობს ღამით",რომლის მიზანიც იყო აშშ_ს წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღის გამოყენება.ოპერაციის ფარგლებში იგეგმებოდა იაპონური წყალქვეშა გემების აშშ_ს სანაპიროს ტერიტორიისაკენ გადაადგილება და სან–დიეგოს ცაზე შავი ჭირის მატარებელი ბუზების გაშვება.ამ მიზნით შექმნა კერამიკული ნაღმების სხვადასხვა ვარიანტი.მაგრამ ოპერაცია ჩაიშალა,იაპონიას არ ჰქონდა საკმარისი რაოდენობის წყალქვეშა გემი.რამდენიმე სამხედრომ წყალქვეშა ნავების საჰაერო ბურთებისა და დირიჟაბლებით ჩანაცვლების იდეა წამოაყენა,მაგრამ იაპონიის პრემიერ–მინისტრმა ტოძის პოზიციამ "ალუბალი აშშ_ს ცაზე არ ააყვავა"... ტოძე თვლიდა,რომ იაპონია მარცხისათვის განწირული იყო და ბიოლოგიური იარაღის აშშ_ს წინააღმდეგ გამოყენება იაპონიას დაღუპავდა.

"გარანტია იმისა,რომ ისტორია არ განმეორდება–არ არსებობს,ომში გამარჯვება ყველას უნდა და ამისათვის ზოგიერთი ყველაფერზე ხელს მოაწერს".–ინტერვიუ კენ იასასთან, "ნიუ იორკ თაიმსი".

"731-ე შენაერთის" ყველაზე სასტიკიკ ექსპერიმენტებს ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.არაადამიანური ცდების რიცხი დღითიდღე მატულობდა,შენაერთის წევრების "შემოქმედებითი ნიჭი" უსაზღვრო იყო.

ნაწყევეტი შენაერთის წევრის მოგონებებისა:
"მინუს 20 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე ადამიანები ეზოში გაჰყავდათ,მოშიშვლებულ კიდურებს გაყინულ კასრებში ადებინებდნენ და სრული გაყინვის შემდეგ ცდას წყვეტდნენ.შემდეგ ხის წყეპლის გამოყენებით ხელებზე იქამდე ურტყამდნენ, სანამ გაყინული კიდურები არ დაიმსხვრეოდა".
მსგავს ცდებში მონაწილეობას ბავშვებსაც აიძულებდნენ,იყო შემთხვევა 3 თვის ბავშვის გაყინვისა...

იაპონიის სამხედრო საჰაერო ძალების დავალებით ტარდებოდა ცდები ბაროკამერაში,რომლის მიზანიც იყო პილოტებისათვის ფრენის მაქსიმალური სიმაღლე.
"ვაკუუმურ ბაროკამერაში ათავსებდნენ ადამიანს და თანდათან ზრდიდნენ წნევას.წნევის ცვლილების შემდეგ ადამიანის სხეული თანდათან იცვლებოდა:თვალები ფოსოდან ვარდებოდა,სახე იბერებოდა და ბურთს ემსგავსებოდა,სისხლძარღვები სკდებოდა,მუცელი იფატრებოდა და ორგანოები სხეულს გარეთ რჩებოდა... საბოლოოდ ადამიანი სკდებოდა,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით".–მოგონებები "731-ე შენაერთის" ერთ–ერთი სტაჟიორისა(სტაჟირებას სამედიცინო უნივერსიტეტის არაერთი კურსდამთვარებული გადიოდა).


გარდა ზემოთაღნიშნულისა ტარდებოდა ოპერაციები,რომელსაც თამაშის ელფერი უფრო ჰქონდა.ადამიანებს აწვენდნენ საოპერაციო მაგიდაზე,აჭრიდნენ სხვადასხვა ორგანოს,უკეთებდნენ კიდურების ამპუტაციას,მარცხვენა ხელს აკერებდნენ მარჯვენა ხელის ადგილას,ადამიანს უსხამდნენ მაიმუნის და ცხენის სისხლს,ახივებდნენ რენტგენის სხივების მაღალ დოზას,ტოვებდნენ მშიერს,სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მდუღარე წყალს ასხამდნენ,ფილტვებს უვსებდნენ კვამლით...




ადამიანის სხეულის 78 % წყლისგან შედგება,ამის დასადასტურებლად შენაერთის წევრების მიერ განხორციელებულ იქნა ცდა.ადამიანს წონიდნენ,შემდეგ ათავსებდნენ ოთახში,სადაც ტემპერატურა თანდათანობით იზრდებოდა.მცირე დროის შემდეგ ადამიანი ოფლიანობდა და საბოლოოდ სხეული სითხისგან იცლებოდა.ცდის დასრულებისას ოთახში ცოცხალი ადამიანის ნაცვლად მუმია ხვდებოდათ.აწონვისას აღმოჩნდა,რომ ადამიანის სხეულის მასა თავდაპირველი მასის 22 % იყო.ანუ მასის 78% იყო წყალი.


ნაწყევეტი წიგნიდან "ეშმაკის სამზარეულო"(აღნიშნულ წიგნში აღწერილია "731-ე შენაერთის" წევრთა მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაული):
"1943 წელს "731-ე შენაერთში" მოიყვანეს ჩინელი ბავშვი.პერსონალის განცხადებით ბავშვი "მორებს" არ განეკუთვნებოდა,ის რომელიღაც სოფლიდან მოიტაცეს და კომპლექსში მოიყვანეს.ბავშვი საოპერაციოში შეიყვანეს და ტანზე გახდა უბრძანეს,ბავშვმა ბრძანება შეასრულა და საოპერაციო მაგიდაზე დაწვა.ექიმებმა სახეზე ქლოროფორმით(ჭიანჭველმჟავა,მედიცინაში იყენებენ დასაძინებელ საშუალებად) გაჟღენთილი ნიღაბი გაუკეთეს.ბავშვს მალე ჩაეძინა.ექიმები საქმეს შეუდგნენ,სხეული სპირტით დაუზილეს.ერთ–ერთი გამოცდილი ექიმი დასწვდა სკალპერს,მიუახლოვდა ბავშვს,სკალპერის საშუალებით მკერდზე Y_ს ფორმის იარა გაუკეთა და ასე დაიწყო გაბრუებული ბავშვის გაკვეთა.საქმეში რამდენიმე ექიმი ჩაერთო და სათითაოდ ამოაცალეს ორგანოები,რომლებსაც ფორმალინის ხსნარით(სადეზინფექციო საშუალება) სავსე მინის ჭურჭლებში ათავსებდნენ. გაკვეთიდან მცირე ხანში ბავშვს ყველა ორგანო ამოაცალეს,ხელშეუხებელი მხოლოდ თავის ქალა რჩებოდა,მაგრამ პირსისხლიანი მკვლელები შეჩერებას არ აპირებდნენ.ერთ–ერთმა ექიმმა ერთი ყურიდან მეორემდე სკალპერით კანი გადახსნა და შემდეგ ელექტროხერხით თავის ქალაც გაჭრეს,ამოიღეს ტვინი და ჭურჭელში მოათავსეს... მცირე ხნის წინ საოპერაციო მაგიდაზე ბავშვი იწვა,ახლა კი სხეულის ცალკეული ფრაგმენტები დარჩა".



შენაერთში თითქმის არ არსებობდა "საწარმოო დანაკარგები",ადამიანების სხეული ყველა ნაწილს ცდებისათვის იყენებდნენ და "გამოუსადეგარ მასალას კრემირებას უკეთებდნენ.კრემატორიუმში რამდენიმე ადამიანი მუშაობდა და მათ საქმე არასდროს აკლდათ.კემატორიუმის მაღალი საკვამურიდან გამომავალი ბოლი გარეშე პირთათვის არავითარ ეჭვს არ იწვევდა,რეალურად კი ეს კვამლი ადამიანების ძვლებისა და კანის წვის შედეგად გამოიყოფოდა.
გაყინულ კიდურებიან ადამიანებს გაზის კამერებში ათავსებდნენ,გაკვეთის შემდეგ ფორმალინის ხსნარში მოთავსებული ორგანოები მიკრობიოლოგთა ხელში ხვდებოდა.და ეს პროცედურა ყოველდღიურად გრძელდებოდა,შენაერთის არსებობის თითოეული დღე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ჯაჭვის რგოლი იყო.

კრემატორიუმი

ყველა ცდის დოკუმენტური აფიქსირება ხდებოდა:იწერდნენ,აკეთებდნენ ჩანახატებს,აფიქსირებდნენ ფოტო და ვიდეო აპარატურაზე.
"საკუთარ თავს მრავალჯერ შთავაგონებდით,რომ ისინი ადამიანები არ იყვნენ,არამედ საცდელი მატერიალი.მიუხედავად ამისა ყველა გაკვეთისას მე თავს ცუდად ვგრძნობდი,.ნორმალური ადამიანის ნერვები ამას ვერ გაუძლებს"–იხსენებს ერთ–ერთ ოპერატორი.


"731-ე შენაერთის" წევრთა მოგონებებიდან ირკვევა,რომ შენაერთის არსებობისას დაიღუპა დაახლოებით სამი ათასამდე ადამიანი.ბევრი ისტორიკოსი და მკვლევარი ამ რიცხს ეჭქვეშ აყენებს და მსხვერპლის დიდ რაოდენობაზე საუბრობს.


დადგა 1945 წლის აგვისტო და სირო ისიი დაქვემდებარებულებმა იგრძნეს დასასრულის დასაწყისი.9 აგვისტოს საბჭოთა ჯარმა გადაკვეთა საზღვარი და მანჯურიის ტერიტორიის დაკავება დაიწყო.გადაწყდა შენაერთის სასწრაფო ლიკვიდაცია,ამისათვის დაიწყეს ნივთმტკიცებების განადგურება,გათხარეს ორმოები და ცეცხლს მისცეს მათი მამხილებელი საბუთები,შენობების დიდი ნაწილი დაანგრიეს.ცდების შედეგები(დამზადებული ბიოლოგიური იარაღი,ჩანაწერები და ა.შ.) იაპონიაში წაიღეს,ხოლო შემდეგ ამერიკელებს გადასცეს ხელშეუხებლობის გარანტიით.სწორედ ამერიკელები აფარებდნენ ხელს სირო ისიის და შენაერთის რამდენიმე წევრს.მიუხედავად საბჭოთა კავშირსა და ჩინეთის მოთხოვნისა აშშ და იაპონია სირო ისიის ცივ ნიავს არ აკარებდა.

10–11 აგვისტოს დაიწყეს ციხეებში გამომწყვდეული "მორების" ლიკვიდაცია.ლიკვიდირებულების ნაწილი კრემატორიუმში დაწვეს,ნაწილი ორმოებში მოათავსეს და ცეცხლს მისცეს,დარჩენილი ძვლები სპეციალურ მოწყობილობათა საშუალებით დაფქვეს,მიღებული მასის ნაწილი ტყეში გაიტანეს და მიწაში დაფლეს,ხოლო ნაწილი მდინარე სუნგარის გაატანეს...

მამხილებელი საბუთების ლიკვიდაციის შემდეგ სიროო ისიიმ ბოლო განცხადება გააკეთა:
"ოფიცრებო და ჯარისკაცებო,ახალი გზა გველის,არ იფიქროთ რომ იაპონიის იმპერია დამარცხდა.შენაერთი დაშლილია,მაგრამ ჩვენი შრომის ნაყოფი ახლა იწყებს მოქმედებას.ვბრძანებ: 1.ერთიმეორესთან კავშირი არ იქონიოთ; 2.შენაერთის წევრობის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოთ შეინახეთ; 3.სახელმწიფო სამსახურზე უარი თქვით.ამ პუნქტების შესრულებით ჩვენ კიდევ შევიტანთ წვლილს ჩვენი ქვეყნის მედიცინის განვითარებაში".


ბოლო ბრძანების შემდეგ შენაერთის წევრებს ამპულა გადაეცა,რომელშიც ციანიდის კალიუმი იყო.ამის შემდეგ მთელი შენაერთი სამხედრო მატარებელში ავიდა,რომელიც აღმოსავლეთით,იაპონიისკენ დაიძრა.

"დღეისათვის სირო ისიის ჯგუფი აშშ_სთან თანამშრომლობს და ბიოლოგიური იარაღის შექმნაში გვეხმარება,მან გადმოგვცა თავისი დაკვირვებებისა და ცდების ჩანაწერები.ეს ჩანაწერები ჩვენთვის იმაზე მნიშვნელოვანა ვიდრე შენაერთის წევრთა დასჯა.ბაქტერიოლოგიური იარაღის მნიშვნელობიდან გამომდინარე აშშ_ს სამხედრო ხელმძღვანელობამ გადაწყიტა ამ შენაერთის არცერთი წევრის წინააღმდეგ არ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა".– ნაწყვეტი პენტაგონის მემორანდუმიდან,რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მცირე ხნის შემდეგ მიიღეს.

1949 წლის 25-30 დეკემბერს საბჭოთა კავშირში,ქალაქ ხაბაროვსკში გაიმართა სამხედრო ტრიბუნალი,რომელლის მიზანიც "731-ე შენაერთის" საქმიანობის შეფასება და შენაერთის 12 წევრის გასამართლება იყო(სამი ათასი ადამიანიდან,მხოლოდ 12_ის დაჭერა მოახერხეს,დანარჩენი იაპონიაში აგრძელებდა ცხოვრებას და საკმაოდ საპატიო თანამდებობებიც ეკავათ.იაპონიის ხელისუფლება მათ დასჯას არც გეგმავდა).ოთხ ადამიანს 25 წელი მიესაჯა გამოსასწორებელ ბანაკებში,დანარჩენებს შედარებით ნაკლები.


1949 წელს იაპონიის საიმპერიო ბანკში ტრაგედია დატრიალდა.ბანკს ესტუმრა ადამიანი,რომელიც ეპიდემიოლოგიური სააგენტოს წარმომადგენლად გაეცნო თანამშრომლებს.განაცხადა,რომ ბანკის შემოგარენში დიზენტერიის ინფექციის ეპიდემია მძვინვარებდა და აუცილებელი იყო წამლის მიღება,მალევე ჯიბიდან ამპულა ამოიღო,წყალში გახსნა და ბანკის ყველა თანამშრომელს დაალევინა.მცირე ხნის შემდეგ 16 თანამშრომელი ადგილზე დაიღუპა.ამის შემდეგ "ეპიდემიოლოგმა" გახსნა ბანკის სეიფები,180 ათასი იენი ტომარაში ჩააწყო და ბანკის კარი გაიხურა.როგორც შემდეგ აღმოჩნდა,ბანკის თამანშრომლები ციანიდის კალიუმმა იმსხერპლა,ამ საქმეში სწორედ ზემოთ ნახსენები ამპულა ფიგურირებს და დამნაშავეც შენაერთის ერთ–ერთი წევრი იყო.მალევე შეიპყრეს იაპონელი მხატვარი სიდატოსი ,რომელმაც ციხეში 39 წელი გაატარა და იქვე გარდაიცვალა.

სისხლიანი შენაერთის წევრებიდან ზოგიერთი უნივერსიტეტში დეკანად მუშაობდა,ზოგიერთი საავადმყოოში აგრძელებდა თავის სამედიცინო საქმიანობას,ზოგი მათგანი ბიზნესში ცდიდა ძალებს.რამდენიმე მათგანი უფრო შორს წავიდა–ტოკიოს გუბერნატორი,იაპონიის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი,გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი...ბოროტების ხელმძღვანელი სირო ისიი უდარდელად ცხოვრობდა და 1959 წელს კიბოთ გარდაიცვალა...

წლების მანძილზე, ეს პირსისხლიანი მკვლელები დაუსჯელად დაიარებოდნენ იაპონიის ქუჩებში,საკუთარ ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას თვალს უსწორებდნენ,სინდისი არ აწუხებდათ და ცარიელი ფურცლიდან იწყებდნენ ცხოვრებას... საზოგადოებამ არც იცოდა,რომ მათ თვალთახედვის არეში მკვლელები იყვნენ,ხოლო საქმის კურსში მყოფი ადამიანები ამ მკვლელებს ხელს აფარებდნენ და მათ საქმიანობას იაპონიის სამედიცინო პროგერსის მამოძრავებელ ძალად თვლიდნენ.

3 комментария:

  1. ძალიან საინტერესო იყო.. (ჩავუჯდე შენს ბლოგს) : )

    ОтветитьУдалить
  2. უიშვიათესად საინტერესო ბლოგია, მადლობა ავტორს!

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მადლობა თქვენ, დაინტერესებისათვის;)

      Удалить