ქანთრის(გარკვეული დოზით როკაბილი,ფოლკი,გოსპელი,როკ-ენ–როლი) ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებელი ჯონი კეში მხოლოდ მუსიკით არ იყო ცნობილი და დღეს სწორედ ჯონის სხვა მხარეზე ვისაუბრებ,რომელიც მოიცავს ბრძოლას პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრისათვის.მიმოვიხილავთ კეშის ყველაზე ცნობილ კონცერტთა სერიას,რომელიც მოიცავდა "ტურნეს" ამერიკის ციხეებში(ფოლსომი,სან ქუენტინი და ა.შ.).მართალია ბრძოლას ცვლილებათა ქარი არ გამოუწვევია,მაგრამ გისოსებს მიღმა მყოფთათვის გარდაქმნათა დაწყების ნიავსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.
მეოცე საუკუნის 50_იან წლებში ჯონი კეში ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იყო და ვერ ხედავდა საკუთარ წარმატებულ მომავალს.სწორედ ამ პერიოდში იცვლის არაერთ სამუშაოს და საბოლოოდ აშშ_ს საჰაერო ძალებში ხვდება მოხალისედ,დისლოკაციის ზონად კი დასავლეთ გერმანიის(გფრ) ქალაქი ლანდსბერგი ერგო.სწორედ აქ შექმნა კეშმა მცირე ჯგუფი "The Landsberg Barbarians" და თავისუფალ დროს ერთობოდნენ.
ერთხელაც ჯარისკაცებს უჩვენეს ფილმი "ფოლსომის ციხის კედლებში".ნანახმა დიდი ზემოქმედება მოახდინა მომავალ ვარსკვლავზე და მის გონებაში გაჩნდა კუთხე,რომელიც ნიადაგი აღმოჩნდა მომავალი უფლებადამცველისათვის.სწორედ ზემოთნახსენები ფილმის ნახვის შედეგად დაიწერა ცნობილი სიმღერა "Folsom Prison Blues".
Folsom Prison Blues
მე მესმის მატარებლის მოახლოება
ის მოდის როგორც გადარეული,
ფოლსომის ციხეში გამოკეტილს
არ მახსოვს ბოლოს როდის ვიხილე მზე,
დრო კი მიბობღავს
ის მატარებელიც აგრძელებს გზას
სან–ანტონიოსკენ.
როცა ბავშვი ვიყავი
დედა მეუბნებოდა: "შვილო,
ყოველთვის კარგი ბიჭი იყავი
და არასდროს ითამაშო იარაღით".
მაგრამ მე ჩავცხრილე კაცი რინოში,
რათა მისი სიკვდილისთვის მეყურებინა.
როცა ის მატარებელი კივის,
მე თავს ვხრი და ვტირი.
დარწმუნებული ვარ იქ მდიდრები სადილობენ,
კომფორტულ ვაგონ–რესტორანში.
ალბათ ყავას მიირთმევენ
და სიგარასაც აბოლებენ,
მე ვიცი ასე იქნება.
მე ვიცი,რომ ვერ ვიქნები თავისუფალი,
ისინი კი აგრძელებენ მოძრაობას,
და სწორედ ეს მაწვალებს.
და თუ ამ ციხიდან გამიშვეს
და ის მატარებელი ჩემი იქნება,
ვფიცავ,მე აქედან გავიქცევი
რაც შეიძლება შორს,
შორს ფოლსომის ჯურღმულიდან
იქ სადაც დარჩენა მესიამოვნება,
ჩემთვის უკვე სულერთი იქნება ის მარტოსული სტვენა,
და ჩემი დარდიც გაიფანტება.
მოცემული ტექსტიტან ყველაზე დიდი გამოხმაურება "რინოს ეპიზოდს" მოჰყვა და ბევრი დარწმუნებით ამტკიცებდა ფაქტის სინამდვილეს.სიმღერა მალე ციხის კედლებშიც გაისმა და პატიმრებიც აღტაცებით ამბობდნენ(მოვლენებს ვასწრებ...),აი ისიც "ჩვენიანია".
აი რას ამბობს ჯონი კეშის ყოფილი დრამერი "ფლიუკ" ჰოლანდი: "დღემდე ხვდები ადამიანებს,რომლებიც დარწმუნებულნი არიან "რინოს ეპიზოდის" რეალობაში".რეალობა კი სხვაგვარია,არანაირი "დანაშაული" არ იკვეთება და ეს ეპიზოდი მხოლოდ ჯონი კეშის გონებაში ჩამოყალიბდა და თეთრი ქაღალდის მცირე ფრაგმენტი ააჭრელა სიტყვებმა:"მაგრამ მე ჩავცხრილე კაცი რინოში,რათა მისი სიკვდილისთვის მეყურებინა".
მუსიკოსი ამბობს:
"ვიჯექი კალმით ხელში და ვფიქრობდი,თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო სიკვდილის ყველაზე სასტიკი მიზეზი და ასე გაჩნდა აზრი სახელად "რინო".გავიდა ხანი და ჯონიმ აშშ_ს შეიარაღებულ ძალებს დაემშვიდობა.1955 წელს კეში უკავშირდება Sun Records_ის დამფუძვნებელ,პროდიუსერ სემ ფილიპსს.მცირე ყოყმანის შემდეგ სემი მწვანე შუქს "ანთებს" და ხმის ჩამწერ სტუდიაში გაისმის "ფოლსომის ბლუზი".სიმღერამ უდიდეს წარმატებას მიაღწია და პრაქტიკულად #1 ჰიტად იქცა.
დადგა 1957 წელი და დაიწყო საკონცერტო მსვლელბა ციხეებისკენ,რაშიც უდავოა "რინოს ეპიზოდის" ლომის წილი..პირველი მერცხალი აღმოჩნდა ციხე ჰანტსვილი.ეს სრულიად ახალი სიტყვა იყო.დაიწყო უნიკალური საკონცერტო ტურნე,ტურნე გისოსებს მიღმა.
1968 წელს ჯონი კეში,ლეგენდარული ქანთრი ჯგუფი The Carter Family_ს წევრი და ჯონის მეუღლე ჯუნ კარტერი,როკაბილის ერთ–ერთი წარმატებული წარმომადგენელი კარლ პერკინსი და რამდენიმე მუსიკოსი აღებენ ფოლსომის ციხის კარს და ციხის სასადილოში იმართება წარმოდგენა.კონცერტის შემდეგ გამოდის საკონცერტო ალბომი At Folsom Prison.
თუმცა ხმისჩამწერი სტუდია Columbia Records(Sun_თან კავშირი დიდხანს არ გაგრძელებულა),რომელთანაც მუსიკოსს კონტრაქტი ჰქონდა დიდი ენთუზიაზმით არ უდგებოდა აღნიშნულ ალბომს და არც მისი რეკლამირებით "მოუკლავს თავი".
ალბომის გამოსვლიდან მცირე ხანში ხმისჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელები შოკში იყვნენ,ალბომი დახლებიდან ქრებოდა,ხელიდან ხელში გადადიოდა.სწორედ "ფოლსომის ალბომი" აღმოჩნდა მიზეზი კეშის პოპულარობის ზენიტში ასვლისა(თუმცა მას მანამდეც არ აკლდა პოპულარობა),გზა უკვე სხვა ციხეებისკენაც ხსნილი იყო,ხსნილი იყო ასევე შეერთებული შტატების მთავრობის ზედა ეშელონებისკენაც,თუმცა ამაზე შემდგომ...
აი რას წერს კეშის ბიოგრაფი: "ჩემი აზრით,ჯონი ფიქრობა,რომ პოპულარობა იმისთვის მოიპოვა,რათა რაიმესთვის მიეღწია,რაიმე სასარგებლო გაეკეთებინა და მას გამოუჩნდა შესაძლებლობა ელაპარაკა სასჯელაღსრუელბის სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე".
60_იან წლებში ამერიკაში პატიმართა რაოდენობა კატასტროფულად იზრდებოდა,ამას შედეგად ახლდა ციხეებში არასახარბიელო მდგომარეობა.მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში ფეხს იკიდებდა აზრი,რომ ციხეები დამნაშავეთა გამოსწორებას არ ემსახურებოდა,ის უფრო დამნაშავეთა ცნობიერების დაბნელებას ახდენდა,იკიდებდა ფეხს რეციდივიზმი.
თუმცა მხოლოდ ეს არ იყო გისოსების ბნელი მხარე,მათ მიღმა უფრო დიდი "სატანა" ბუდობდა და პატიმრების უფლებებს ფეხქვეშ თელავდა,განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯონი კეშის მშობლიურ არკანზასში არსებულ ციხეებში გამეფებული ჯოჯოხეთი(ხდებოდა პატიმართა ცემა,წამება,სექსუალური ძალადობა.ადგილი ჰქონდა კორუფციას,ადმინისტრაცია ციხეების მართვისათვის იყენებდა ე.წ. "ნდობით აღჭურვილ" პატიმრებს).
1970 წელს ფედერალურმა სასამართლომ არკანზასის შტატის პენიტენციალური სისტემა ანტიკონსტიტუციურად გამოცხადა.
ჯონი კეშის მეგობარი,ფოლკ–მომღერალი დენიელ მერი,რომელმაც არკანზასის შტატში არსებულ ციხე კამინსში 8 თვე გაატარა, იხსენებს: "იქ იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი.მე არაერთხელ ვიხილე,თუ როგორ კლავენ პატიმრებს,პოპულარული ხერხი იყო "საღამო პლედთან".მძინარე პატიმარს თავს ეხმოდნენ თანამესაკნენი(და არა მარტო),სხეულზე აფარებდნენ პლედს და სერავდნენ თვითნაკეთი დანებით და სხვა ბასრი საგნებით".
1969 წელს კამინსის ციხეს,შტატის გუბერნატორ უინთროპ როკფელერის(ჯონ როკფელერის შთამომავალი) მოწვევით ჯონი კეში ესტუმრა,რაც გვირაბის ბოლოს სინათლის გამოჩენის ელფერის მქონე აღმოჩნდა,პატიმრები თვალებს ვერ უჯერებდნენ.
რესპუბლიკელი უინთროპ როკფელერი არკანზასის შტატის გუბერნატორად 1966 წელს აირჩიეს.ის პენიტენციალურ სისტემის კეთროვანებებზე ღიად მიანიშნებდა და მისი ერთ–ერთი დაპირება სწორედ ამ ჯოჯოხეთიდან ამოსვლა იყო,ამიტომაც საარჩევნო პერიოდში მას მიემხრო დემოკრატიული პარტიის პოზიციების გამზიარებელი ჯონი კეში.
ჯონი კეში,ჯუნ კარტერი(ჯონი კეშის მეუღლე) და უინთროპ როკფელერი
ჯონი და პატიმრები.კამინსის ციხე
კამინსის კონცერტს ადგილობრივი ტელეარხებიც პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ,ტელეეკრანებიდან და რადიომიმღებებიდან ისმოდა კეშის ხმა,რომელიც კომპანიასთან ერთად ასრულებდა ლეგენდად ქცეულ კომპოზიციებს და თან მოუწოდებდა ხელისუფლებას სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისაკენ.
კონცერტის ბოლოს ჯონიმ ქველმოქედის მანტიაც მოირგო და საკუთარი ჯიბიდან 5 ათასი დოლარი გაიღო კამინსის ციხეში სამლოცველოს ასაშენებლად,იგივე გააკეთა უინთროპ როკფელერმა.
კამინსის ციხეში დღესაც იხდიან სასჯელს სამუდამო პატიმრობის მუხლით გასამართლებული ადამიანები,რომლებსაც ახსოვთ ჯონი კეშის კონცერტი.ჯონი კეში მათი ცხოვრების ნაწილად იქცა.
ჯონის და კომპანიის შემდგომი გაჩერებად სან ქუენტინის მკაცრი რეჟიმის კოლონია გვევლინება.
San Quentin
სან ქუენტინ,ჩემთვის შენ იყავი ჯოჯოხეთი დედამიწაზე
შენ შემიპყარი 1963 წელს,
მე ვხედავდი ისინი როგორ მოდიოდნენ,მიდიოდნენ და კვდებოდნენ
და უკვე დიდი ხანია აღარ ვუსმევ საკუთარ თავს კითხვას "რატომ".
სან ქუენტინ,მე მძულს შენი ყოველი დუიმი
შენ მე მჭრიდი და დამიტოვე მრავალი იარა,
და მე გამოვალ როგორც მოთვინიერებული,სუსტი ადამიანი:
ბატონო კონგრესმენო,როგორ ვერ ხვდები ამას?
სან ქუენტინ,როგორ გგონია კარგ საქმეს სჩადიხარ?
გგონია,აქედან სახეცვლილი გავალ,
შენ გააწამე გული და გონება ჩემი,შენ გადამაგვარე,
შენმა ქვის კედლებმა ჩემი სისხლი ცოტატი გააცივა.
სან ქუენტინ,მინდა გაიხრწნა და დაიწვა ჯოჯოხეთში,
რომ შენი კედლები დაიქცეს,და მე ვიცოცლო და ვილაპარაკო
რომ სამყარომ დაივიწყოს შენი არსებობა,
მთელმა სამყარომ ინანოს,რომ არაფერი კარგი არ მოიტანე.
სან ქუენტინ,ჩემთვის შენ იყავი ჯოჯოხეთი დედამიწაზე...
"სან ქუენტინ,მინდა გაიხრწნა და დაიწვე ჯოჯოხეთში/რომ შენი კედლები დაიქცეს,და მე ვიცოცლო და ვილაპარაკო"... ამ სიტყვებს ბუნტის შიში ახლდა,მსმენელელთა ნაწილი ახმაურდა,დაცვამ ხელი იარაღზე გაივლო.მაგრამ როცა ამ დროს ჯონიმ მშვიდი ხმით წყალი მოითხოვა "ბუნტი" მაშინვე დასრულდა.
კონცერტიდან მცირე ხანში საკონცერტო წარმოდგენა ალბომად იცქა,რომელსაც უბრალოდ "At San Quentin" ეწოდა.ალბომმა "ფოლსომის" ბედი გაიზიარა,მსმენელმა ის მიიღო,არაერთი კომპოზიცია ჰიტად იქცა.
1972 წლის ივლისში ჯონი კეში თეთრ სახლს სტუმრობს და ლურჯ კაბინეტში პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს ხვდება.მათი მთავარი სალაპარაკო თემა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირება იყო.გაბაასების შემდეგ ჯონიმ გიტარას "მიმართა" და რამდენიმე სიმღერაც შეასრულა.
ამ შეხვედრისას კარგად გამოჩნდა,რომ კეშის ცდებს უშედეგოდ არ ჩაევლო და მაღალი ეშელონებიდანაც დიდი ინტერესით უცქერდნენ მის საქმიანობას.ამავე პერიოდში ჯონი კეში სენატშიც მიიწვიეს და ჩამოაყალიბა თავისი აზრი.ის მიიჩნევდა,რომ აუცილებელი იყო რეციდივისთა განცალკევება ჩვეულებრივი პატიმრებისგან,გამოირიცხოს არასრულწლოვანთა დაპატიმრება,მოითხოვდა აქცენტის გაკეთებას პატიმართა განათლებაზე,რათა განთავისუფლების შემდეგ,საზოგადოების სრულყოფილი წევრები ყოფილიყვნენ.სენატორთა წინაშე მან რამდენიმე პატიმრის საშინელი ისტორია მოყვა,აღსანიშნავია 15 წლის არასრულწლოვანი პატიმრის ამბავი,რომელიც არკანზასის ერთ–ერთი ციხეში გაუპატიურების შედეგად გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა,რომ რადიკალური რეფორმებზე აქცენტირებულმა იდეებმა დღის სინათლე ვერ იხილა,მაგრამ ჯონი კეშმა თავისი გამოსვლებით მიაღწია იმას,რომ საზოგადოებამ პენიტენციალურ სისტემაში არსებულ კეთროვანებებს დიდი ყურადღება მიაქცია და ადრე თუ გვიან რადიკალური რეფორმაც მოხდებოდა.
ჯონი კეშმა მოახერხა რაც მანამდე შეუძლებლა მიაჩნდათ,მან გადალახა რუბიკონი და ციხის კედლებში გამართა წარმოდგენა,საზოგადოების ყურადღება გადაიტანა გისოსებს მიღმა არსებული რეალობისკენ,მისმა სიმღერამ პატიმრებს მძიმე ყოფა დროებით მაინც გადაავიწყა,მათთის ეს საათი უმნიშვნელოვანესი იყო.
სტატიას კი ამერიკელი სენატორის კვენტინ ბერდიკის მიერ,1972 წელს წარმოთმული სიტყვებით დავასრულებ:
"მე ვფიქრობ,რომ ჩვენ ბევრი ჯონი კეში გვჭირდება".
Комментариев нет:
Отправить комментарий