ეთერშია სტატიათა ციკლი – "ქვეყნიერების კეთროვანებანი".
თუ დააკვირდებით ზევით გამოსახულ სურათს და გაანალიზებთ აზრებს,შესაძლოა თქვენც ეს გაიფიქროთ რასაც ახლა დავწერ.ადამიანის ხელი კალმის(იქნებ ფუნჯის) მოძრაობით დედამიწის ზედაპირზე ავლებს ხაზს,ყოველივე ამით კი ცდილობს დედამიწა საკუთარ თავზე მოირგოს.სინამდვილეში კი ჩვენ უნდა მოვერგოთ დედამიწას.ადამიანთა ამ ორი შეხედულების გადაკვეთაზე კი თავს იჩენს კეთროვანებანი,რაც საფრთხეს უქმნის როგორც ცალკეულ ადამიანებს,ჯგუფებს,ეროვნებებს,ასევე ზოგ შემთხვევაში საფრთხე პლანეტარული მასშტაბისაა.ცალკეულ შემთხვევაში ვიღებთ სიტუაციას როცა საფრთხე არსად ჩანს,შედეგად ირონიული ღიმილი იკითხება ან ხარხარი ისმის... და ამ ყველაფერს ერთი სიტყვა აერთიანებს – "კეთროვანება".
ნაწილი I
ქვიშიდან ამოზიდული სვეტები
„და მოვიდა დროი,და არაბეთსა(არაბთა გაერთიანებული საამიროები,ყატარი,საუდის არაბეთი,ქუვეითი) ქვედა მოევლინა მხსნელი იგი არაგანსხეულებული,არამედ სითხისა სახით და მისი სახელია ნავთობ,თიკუნ არს „შავი ოქროი“.და მიწასა ქვიშიანსა ამოასხა ნავთობმან და განანათა უძღებ შვილთა გონებაი.
და გადიოდა დრონი და მიწა იგი უდაბნოი იქცა წალკოტად, მოსილ მანტიითა ცათამბჯენითა,შადრევანთა და სასტუმროთა.და წელსა ორიათასსა ათსა აიზიდა ცასა ზედა სვეტი,მისი სახელ არს „ბურჯ ხალიფა“...
უძღებ შვილთა გამოისობით საუკუნეთა მანძილზე დედამიწის შრეებში თავმოყრილი სითხე,იქცა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გადამუშავების მასალად,მიღებულ იქნა საწვავი და სხვა მინარევნი.
დედამიწის სიღრმიდან ამოხეთქილი სითხე გადაიქმნა ხელის ჭუჭყად წოდებულ ფულად და დაილექა უძღებ შვილთა ჯიბეებში.სწორედ დალექვის შედეგია ქვიშის სამბრძანებლოში აზიდული მდიდრული ცათამბჯენები,აპარტამენტები,ვილები,წყლის სიღმიდან „ხელოვნური განაყოფიერებით“ შობილი კუნძულები...
რთულია უძღებ შვილთა კუჭის ამოყორვა და ჯიბესქელი,კონუსის ზედა ნაწილში მყოფი ნავთობმაგნატები(მათ შორის შეიხები)ფინანსებს აბანდებენ სხვადასხვა ბიზნესში,განსაკუთრებით პოპულარულია ნავთობდოლარების(ან იქნებ ნავთობდინარების) დაბანდება საფეხბურთო კლუბებში და ამით ისინი თავიანთ საბავშვო ოცნებებს ზრდასრულ ასაკში აფრთიანებენ.ამ დროს კი ვიღაც სადღაც კვდება–შიმშილით,უწყლოდ,უწამლოდ,–და მაშველი არავინაა,თუმცა სამაშველო რგოლის ფუნქცია ამ შემთხვევაში ფულს აქვს მორგებული და კაცობრიობის ნაწილი(კონუსის ქვედა ნაწილში თავმოყრილნი) ამ რგოლის გარეშე ცდილობს სიცოცხლეს...
ბოლოს კი ერთი შედარება: ადამიანის სხეული და დედამიწა.
ადამიანის გულ–სისხლძარღვთა სისტემაში მოძრავი სისხლი სიცოცხლის ერთ–ერთი სიმბოლოა და სისხლის ნაკლებობა არაერთი დაავადების საწყისი და სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს.დედამიწის „სხეულში“ განლაგებული სასარგებლო წიაღისეულიც ერთგვარი სიცოცხლის სიმბოლოა და სისხლსაც შეიძლება შევადაროთ.მათი მარაგის შემცირება დედამიწას იარებს აყენებს და ვამპირად ქცეული მოწყობილობები(მათ უკან მდგარი ადამიანები) სიცოცხლის დასრულების თარიღს შორეული მომავლიდან დღევანდელობაში აგდებს...
Комментариев нет:
Отправить комментарий