03.03.2011

იცნობდეთ მიხა ხელაშვილს!


იცნობდეთ ამ ქართველ მამულიშვილს,პოეტსა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის "შეფიცულთა რაზმის" წევრს.მან სულ რაღაც 25 წელი იცოცხლა და შეეწირა საბჭოთა რეჟიმს... სამწუხაროა,რომ ასეთმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ დიდხანს ვერ იცოცხლა.გადაავლებთ თვალს ალბათ მის პოეზიას და დამერწმუნებით მეორე ვაჟა ეზრდებოდა საქართველოს...


მის შესახებ ქაქუცა წერდა:"თუ მშვიდობა იქნება მიხას აუცილებლად უნივერსიტეტი უნდა დავამთავრებინმოთ,ცოდოა ამისთანა ნიჭი დაიღუპოსო"...

მიხა ხელაშვილი დაიბადა 1900 წლის 25 იანვარს ფშავში.სამწუხაროდ ის ზუსტად 25 წლის შემდეგ მოკლეს.დაკარგა საქართველომ უნიჭიერესი ადამიანი,რაინდი–მთის რაინდი...

ჩვენი ვალი ისაა,რომ ასეთი ადამიანები არასდროს დაგვავიწყდეს და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.თუ სხვას ვერაფერს ვაკეთებთ მის ლექსებს მაინც გადავავლოთ თვალი...

უყურეთ ამ ვიდეოს



და აი მიხას რამდენიმე ლექსი,მათ შორის "ლექსო ამოგთქომ"...




ლექსო ამოგთქომ

ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,

თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,
გიმღერდენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს,
და მე საფლავში ვლპებოდე.
ნეტავი, ჩემო სახელო,
დიდხანამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვეყნდებოდე.
შენ, ჩემო საფლავის კარო,
შენამც კი აჰყვავდებოდე,
სახლო, არ დაიშლებოდე,
ცოლო, არ გათხოვდებოდე
ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,
ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,
საქმეს ვინ გაიჭირებსა?
ამასა ვფიქრობ და გულიცა
ამასვე ანამდვილებსა.
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი, და-ძმანი
აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან მიტირებს,
ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა
სხვისა ჭირს გაახლინებსა.
სულ ყველას დავავიწყდები,
ყველას სხვა დაათირებსა,
მე დედის გულში ვიქნები,
ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა,
გულით ეგ დამიტირებსა,
დედას უყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა.


1919 წელი.




მიწისგანა ვარ შობილი

ერთხელ მეც დავიკარგები,

სახლში არ დავბრუნდებია,
ბნელსა და ოხერ საფლავში
ნელ-ნელა დავეშვებია,
წახდება ხორციელობა,
დარჩება ტიტველ ძვლებია,
გულო, მაგ შენის ფიქრებით
შენაც თან ჩამომყვებია.
მიწისგანა ვარ შობილი,
მიწას ვერ ავცილდებია,
მიწა მზრდის, მიწა მახარებს,
ბოლოს მეც დავმიწდებია.


1918 წელი.



დედას

რა სავალალოდ ვშობილვარ

უბედურ მასკვლავზედაო,
შენ ნუ მიტირებ, რომ მოვკვდე,
ძუძუთ გამზრდელო დედაო.
ვიცი მე შენი და სხვისცა,
მე სუყველასა ვხედაო,
გულში ბევრი რამ მიწყვია
მაგრამ თქმას ვერა ვბედაო.
გულს დაჩაგრულსა დარდითა
ლოდ დამედების ზედაო,
სხვა კი არავის რა უშავ,
შენ მებრალები ბეჩაო.
არ ვიცი რას რა მოველი,
რამ რარა ამაყბედაო.


1918 წელი.



იმედი

უკვდავი არის იმედი

თუმც ზამთარია ტიალი,
ეს თოვლი ადრე დადნება
წყლებმა გაიღოს ჩხრიალი,
თეთრმა მანდილმა მთებისამ
მწვანედ დაიწყოს ციალი,
და თბილისისკე ქართულმა
ჯარმა მოიღოს გრიალი;
ამ დროსთვის ვიყვე გმირულად
იდგეს ხმალ-ხანჯრის ტრიალი,
ვუჩვენოთ მტერთაორგულთა
ეროვნულ დროშის ფრიალი.



ქაქუცა ჩოლოყაშვილს


ჯერ ისევ არის ზაფხული, არ დათოვლინან მთანია,
ფშავ-ხევსურეთის კლდეებსა შავნიცა ჰქონდა ფხანია,
შიგ ვცხოვრობთ ფშავნი-ხევსურნი, სალი კლდის შვილნი-ძმანია,
უნდა მივიღოთ ამბავი დროების მონაგანია,
ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოქროლავს როგორც ქარია,
თან ახლავს ქართლის შვილებითითო ლომისა დარია.
ბინას დასდებენ ფშავშია, სადაც მაღაროს კარია,
ქალაქით მოჰყვა ლაშქარი, რომელიც მუხლით მალია,
პურის ჭამაზე ნასხდომებს დაგვხვიეს თოფის ალია,
ჰაი გიდი, ჩოლოყაშვილო, გულად გდებია ტალია,
პატარა რაზმის უფროსო, ხარ მარდი კამანდარია,
მკვდარი შეჰყარე მკვდარზედა, რო თივის საბინდარია,
ფშავლებს გადაეც ნადავლი იმათგან ანაყარია,
სიკვდილზე ნუ დაფიქრდები, ყველა იქ მიმავალია,
იქ დაგხვდებიან ქართველნი, ვინც სამშობლოსთვის მკვდარია.




ავი სიზმარი

აგრე გვრძნობ, აგრე მიფიქრავ,
ავ სიზმარ ამიხდებისა,
ან ტყვია შემათამაშებს
გამოსროლილი მტრებისა,
ანდა გამრიყავ ჭალაზე
ზოვი დაღესტნის მთებისა,
სალეკოს მონათოსდება
ნაძოძი ჩემი ძვლებისა,
ჩამამყვებიან ყორნები
ჩრდილი დამფარავს ფრთებისა,
შენს ნაცვლად ცრემლებს დამაყრის
ცელქი ჩარჩქერი მთებისა,
რა მამა დამიღონდება
რა დედა ატირდებისა.
შენ მაინც დამიტიროდი
ჩემებრ ტანჯულო ბედისა.
ჩემს გულში, ჩემო მნათობო
მჩაგვრელო ვარსკვლავებისა.
მე ჩემს გეძახი, არ ვიცი,
იქნება გახდე სხვებისა,
მშვიდობით, მენაც მივდივარ,
დრო არის გამგზავრებისა.

1923 წელი.



ღმერთო

ეჰ, ღმერთო, ჩემო გამჩენო,

უფალო, ძეო ღვთისაო.
ხელი ამართე, დამიცევ,
ძალი არა მაქვს ცდისაო.
შემუსრე ძალი უღვთოთა,
დედაო მაცხოვრისაო.
ძნელია ნემსის ყუნწშია
გაძრომა აქლემისაო
მიცხონე სული ცოდვილი,
უფალო, ძეო ღვთისაო
აღმოსავლით და დასავლით
მოგვმადლე შუქი მზისაო.





ვედრება


ღმერთო, დიდო და მაღალო,

მარადის მყოფო ცაშია,
გადმოიხედე უფალო,
ქვეყანა დაინახია.
აკურთხე, განაძლიერე,
მშვიდობით შაინახია.
შენ განამტკიცე მთა-გორნი,
მაღლა აწვდილნი ცაშია,
და გაუმარჯვე ფშავ-ხევსურთ
შენს მადიდებელთ მთაშია.



იესო ქრისტესათვის

ღმერთო, მარად ხარ დიდებით

ზეცაში განსვენებული,
თვალით ხილული ყოველი
არს შენგან აღშენებული.
ზეცაში ქერუბიმთ მთაზე
ზიხარ შენ განსვენებული
შენ შეჰქმენ კაცი, დაჰბადე,
ჰყავ თავისუფლად რებული,
ეშმაკი შურით აღივსო,
ბოროტად განძვინებული,
ადამ შემცდარმა იმისგან
ჰრყო ღმერთი გარისხებული,
და შენ განსდევნე სამოთხით
რისხვითა შეჩვენებული.
და ჩვენ ჯოჯოხეთს ვმონებდით
იმ ადამსთანით წყებული,
მაგრამ გახსონდა თვის ქმნილნი
არ გყვანდით დავიწყებულნი;
და გვიხსნეს ბოლოს მაცხოვარ
მტრისაგან შავიწრებული.
ახლა გვაკმარე ტანჯულთა
დიდი ხნის გასაჭირია,
და მტერთა ჩვენთა მტანჯველთა
არ შეარჩინე მცირია,
ქვეყნად გადმოხედ უთესლოდ,
ძე გახდი კაცთა შვილია,
ვითარცა კაცი იზარდე,
ჩვენს წესებს ემორჩილია
უწიგნონ აწიგნიანენ,
მიეც სამოთხის წილია.
ამ ქვეყნად ყოვლად მართალო,
თავ ჩვენთვის გაიწირია.
შენისა ძალით მკვდარნ აღსდგეს,
ბრმას თვალებ აუხილია,
ზღვაზე, ვით ხმელზე, მავალი
მასშინ არ დაიძირია
შენ ჩვენსა დამზადებელსა
ბევრი შეგწამეთ ცილია;
ბოლოს სამსხვერპლო კრავ იქენ
სიმართლეს შეეწირია,
შიშველი აღვედ ჯვარზედა
ლახვრითა განიგმირია.
შეიძრა შენსა სიკვდილზე
მთელ დედამიწის ძირია,
შენის სიკვდილის მნახველი
მზე შავად იქმნა მზირია.
დიდება შენ ძალს, უფალო,
სამყარო გააკვირია,
ნუ შემიცოდებ, ბევრს ბოდავს
ჩემი ცოდვილი პირია.








Комментариев нет:

Отправить комментарий