02.04.2011

ქართული ქართველთ რწმენაა...



"ერის ცხოვრება,/მისი დიდება,/მის ისტორია დაცულ არს ენით,/რა ენა წახდეს,/ერიც დაეცეს,/წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას"... გრიგოლ ორბელიანის მიერ წარმოთქმულ ამ სიტყვებში ჭეშმარიტება იმალება,ჭეშმარიტება რომლის არგათვალისწინება დამღუპველი იქნება.
ქართველებს ბევრი რამ გვაქვს საამაყო,თუმცა ქართველთა დიდი ნაწილში სიამაყის გრძნობა მხოლოდ სუფრასთან თუ იღვიძებს და სადღეგრძელოთა მრავალხმიანობაში აქსოვს ამ გრძნობას.სუფრის იქით კი სიტუაცია რადიკალურად იცვლება და პატივს არ ვცემთ სამ სიწმინდეს:ენა მამული სარწმუნოება.

გლობალიზაციამ შექმნა წინაპირობა ერების ათქვეფისა და განმასხვავებელი ნიშნების უგულველყოფისა.სწორედ ასეთ პირობებში უნდა წარმოაჩინოს ერმა საკუთარი თვისებები და დაიცვას სამი სიწმინდე.
საქართველო საუკუნეთა მანძილზე გარეშე თუ შიდა მტრების სათარეშო ადგილად იქცა,მაგრამ ჩვენი ბრძოლისუნარიანობით მუდამ ვიბრუნებდით სახელს და ამ თარეშს ფრთებს ვუკვეცავდით,მაგრამ მხოლოდ ფრთების შეკვეცით მიზანი მიუღწეველი რჩებოდა,გადიოდა ჟამი და მტერი ისევ ფრთიანდებოდა,გვიძალიანდებოდა და ქართველთა მიწა ისევ ბრძოლის ველად იქცეოდა.ასეთ ისტორიულ რეალობას მრავალმა ძლევამოსილმა სახელმწიფომ ვერ გაუძლო(მარტო ბიზანტიის მაგალითი რად ღირს) და ისტორიულ საძვალეში დაიდო ბინა.ჩვენ კი მიუხედავად დანაკარგებისა ფერფლიდან განვსხეულდებოდით, ვითარცა ფენიქსი და ახალი ძალით ვუტევდით დროს.მრავალმა ქართველმა დადო თავი ქართული მომავლისათვის,თუმცა ამ თავდადებულთა გვერდით მოღალატეთა არმიაც დაძრწოდა და თავისი მზაკვრობით იარებს ტოვებდა ქართულ გულში.
ორზღვასშუა ტერიტორია მრავალი საუკუნის წინ დაიკავა ქართველურმა ტომებმა და თავისი ნიჭით მიაღწია აღიარებას.ქართული მკლავის ძალითა და ქართული გონების გახსნილობით ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში შევინარჩუნეთ ეს მიწა.თვით ალექსანდრე მაკედონელმაც ვერ დაიკავა ქართველურ ტომთა მიწა,თვით რომის კოლიზეუმის წინ დაუდგეს ქართველ მეფე ფარსმან ქველს ძეგლი...

ქვეყანას მოევლინა მეფე ფარნავაზი და შეიქმნა უნიკალური ქართული დამწერლობა.არაერთი ენათმეცნიერი მიიჩნევს,რომ ქართული ენა გაცილებით ძველია და ფარნავაზმა მას უბრალოდ სულ სხვა სახე მისცა.არაერთი ნაშრომი არსებობს,მაგრამ ქართული ენის ფენომენი ამოუხსნელი რჩება.დრო გადიოდა და ქართული ანბანი სახეს იცვლიდა–ასომთავრულიდან ნუსხა–ხუცურამდე და საბოლოოდ მვიღებთ მხედრულს.დადგა ქართული რენესანსის ხანა და შოთა რუსთაველმა დაწერა "ვეფხისტყაოსანი",მსოფლიო ლიტერატურის შედევრი,ხატი "მეგობრობისა და სიყვარულისა".
დრო გავიდა და შეიქმნა ქართული სტამბა,ქართული კულტურა განვითარების მწვერვალზე აღმოჩნდა.ილია,აკაკი,ვაჟა,იაკობი,გალაკტიონი,ლადო...და ასე დაუსრულებლად...

საუკუნეთა მანძილზე ქართულმა ენამ არაერთი განსაცდელი გადალახა.განსაკუთრებით შეტევა მეფის რუსეთისა და საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში გახდა შესამჩნევი.დაკნინდა ქართული ენა,ფართო ხმარებაში შემოვიდა რუსული სიტყვები(ქართულ ენაში ასევე მრავლდაა საპარსული ძირის მქონე სიტყვებიც),რომლისგანაც საბოლოოდ დღესაც ვერ განთავისუფლდა ქართული ენა.ეს იარა არ მოუშუშებია ქართულ ენას,როცა ასპარეზზე ინგლისური ენა გამოჩნდა.გლობალიზაციამ საჭირო გახადა ინგლისურის შესწავლა,მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქართული ენის დაკნინების ხარჯზე.ამას თუ იმის გამო ვაკეთებთ,რომ "სტოლი" "თეიბლით" ჩავანცვლოთ,მაშინ არა აქვს ამას დიდი მნიშვნელობა,რადგან დაზარალებული ისევ ქართული ენაა.

ქართველმა ჯერ ქართულ ენას უნდა სცეს პატივი და მერე თუ საჭიროდ ჩათვლის ისწავლოს უცხო ენაც.ამას არ უნდა ჰქონდეს იძულების სახე.არ უნდა გამოვიდეს ისე თითქოს ადამიანი,რომელმაც ინგლისური იცის უფრო ჭკვიანად მივიჩნიოთ და არამცოდნეზე მაღლა დავაყენოთ.შეიძლება ადამიანი სულელი იყო,მაგრამ უცხო ენის შესწავლის ნიჭი გქონდეს,შემდეგ კი ეს სულელი აბდაუბდას სხვა ენაზეც გადმოსცემს და უფრო მეტი გაიგებს მისი მდგომარეობის შესახებ.
გამალებით ხდება ინგლისური ტერმინოლოგიის ქართულ სალაპარაკო ენაში დანერგვა,ამას ხელს ქართული ტელევიზიები და ვაი "მწერალ–პოეტები" უწყობენ,თავისი  სუბტიტრებით,"ივენთებითა","პერფომანსებით","პენთა" მოძრაობით...

აღჩნდნენ მწერლები, 
ჟურნალისტები, 
ვაი საბრალოს... ვაი ჩვენს ენას!..
მათ უსწავლელთა, 
ცრუ რუსთაველთა, 
სრულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი, 
ენა მაღალი, 
მის ძალი, მადლი, 
უწყალოდ წახდა უწმინდურთ ხელში!.. 
ერის ცხოვრება, 
მისი დიდება, 
მის ისტორია დაცულ არს ენით; 
რა ენა წახდეს, 
ერიც დაეცეს... 
წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!


ჩვენ ქართველები ქართული ენით უნდა ვამაყობდეთ,პატივი უნდა ვცეთ ანბანის თითოეულ ასოს,ამ მრგვლოვან საოცრებებს.თუმცა რა გვჭირს? რატო არ ვამაყობთ ამით?
იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" არის უნიკალური სახელმძღვანელო,რომელზედაც თაობები გაიზარდნენ.დღეს კი რატომ ვამბობთ უარს ამაზე? მომავალი თაობები ამ სახელმძღვანელოთ უნდა გაეცნონ ქართული ენის სამყაროს და არა რაღაც ალტერნატიული "დედა ენებით".. "დედა ენა" ერთია როგორც "ვეფხისტყაოსანი".

ქართული მარტო ენაა?!–
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა!–
იმოდენაა!



Комментариев нет:

Отправить комментарий